“არავინ მემეტება ციხისთვის” – კოკა კობალაძე მის ცემაში მონაწილე პოლიციელებზე

​პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი კოკა კობალაძე არ აპირებს, მის ცემაში მონაწილე პოლიციელების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვოს და აცხადებს, რომ არ უნდა მათი ციხეში გაშვება.

“არა მარტო ისინი, არავინ მემეტება ციხისთვის, იმიტომ, რომ ციხეში ადამიანი დანაშაულს ვერ მოინანიებს და ვერ იგრძნობს თავს დამნაშავედ. ასე, რომ არ მინდა მათი პასუხისგებაში მიცემა”, – განაცხადა კოკა კობალაძემ დღეს, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას.

დაზარალებული, სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელების მხრიდან ანგარიშსწორების შესაძლებლობასაც გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ შს მინისტრის უშუალო ავტორიტეტის გათვალისწინებით, შურისძიებას არც ერთი მათგანი არ მოისურვებს.

” გიორგი გახარიას მუშაობის ეფექტიანობა ყველასთვის ცნობილია, ასეთი მინისტრი, ჩემი გადმოსახედიდან,  შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდე არ ჰყოლია”, – აცხადებს კოკა კობალაძე.

აღსანიშნავია, რომ გლდანში მცხოვრები 20 წლის კობა კობალაძეს, ამავე რაიონის პოლიციის ორმა თანამშრომელმა, რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში სცემეს. სხეულის დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. შს მინისტრმა მომხდარის გამო სამსახურიდან დაითხოვა პოლიციის 4 თანამშრომელი.

16-17 აპრილს, ევროპოლთან  თანამშრომლობის შედეგად,  საფრანგეთსა და საბერძნეთში  დააკავეს ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომელთა შორის არის 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“, რომელიც კოკა კობალაძის მამაა.

მსგავსი თემები