არავინ დაიჯეროს, რომ პროკურორი ის იქნება, ვისაც თეა წულუკიანი მოინდომებს – გიორგი ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ჟორჟოლიანის შეფასებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი კომპეტენტურად ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა მთავრობის ახალ შემადგენლობაში მისი ამ თანამდებობაზე დარჩენა – არდარჩენის საკითხი საერთო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სამთავრობო კანდიდატის მხარდაჭერას, გიორგი ჟორჟოლიანის თქმით, თუ შალვა თადუმაძის კანდიდატურას წარმოადგენს საპროკურორო საბჭო, უმრავლესობის დიდი ნაწილი მას მხარს დაუჭერს და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის ის, აკავშირებს თუ არა თადუმაძეს  თეა წულუკიანთან ნათელმირონობა.

“არ დაიჯეროთ, რომ მთავარი პროკურორი ის იქნება, ვისაც თეა წულუკიანი მოინდომებს. პროკურორი არის ძალიან მაღალი თანამდებობა, მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამართალდამცავ სისტემაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, დანაშაულთან ბრძოლაში და ა.შ. ეს თანამდებობა არ არის ჩამოკიდებული იუსტიციის მინისტრზე. კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ უნდა წარმოადგინოს. წულუკიანთან ნათესაური კავშირი, ნათელ-მირონობა არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორი, თუ ადამიანი კომპეტენტურია, რატომ არ უნდა დასახელდეს პროკურორობის კანდიდატად. პირადად ვიცნობ თადუმაძეს,  ბევრი მითანამშრომლია, როგორც საპარლამენტო მდივანთან კანონმდებლობასა და ბევრ საკითხებზე და ამ სფეროში კომპეტენცია აქვს. სამართლებრივი ცოდნა, რომელიც თადუმაძეს აქვს სოლიდურია და ის კომპეტენტური ადამიანია”, – აცხადებს გიორგი ჟორჟოლიანი.

როგორც გიორგი ჟორჟოლიანმა მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, საქართველოში პირველად მოხდა, რომ მთავრობა შეიცვალა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საერთო ვითარების გამო.

“პირველად მოხდა საქართველოში, რომ მთავრობის ცვლილების მიზეზი არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საერთო ვითარება. რომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ვითარება არ არის საკმარისად დამაკმაყოფილებელი და უნდა შეიცვალოს. მანამდე არც გამსახურდია, არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, ივანიშვილი და ღარიბაშვილი შეცვლილა ამ მიზეზით”, – მიაჩნია დეპუტატს.

 

მსგავსი თემები