“არავითარი სიკეთე სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოსთვის არ მოუტანია” – ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს აწ-გარდაცვლილ სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოსთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია, ის იყო ამერიკის მამაცი და შეუპოვარი ჯარისკაცი, მაგრამ სულიერი სიკეთე აკლდა.

მისივე შეფასებით, მაკკეინის როლი საქართველოსთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ საზიანო იყო.

საკუთარ მოსაზრებას ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს: – “არავითარი სიკეთე სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოსთვის არ მოუტანია. პირიქით, მისი როლი საქართველოსთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო მხოლოდ საზიანო ჩვენთვის. მაკკეინი წლების მანძილზე ლობირებდა და ხელს აფარებდა წინა ხელისუფლების ანტიჰუმანურ, ანტიადამიანურ ქმედებებს. ახლა ის წავიდა. რეალურად ერთით ნაკლები პრობლემა ექნება საქართველოს. ამავდროულად, მაკკეინი იყო მამაცი და შეუპოვარი, როგორც ამერიკის ჯარისკაცი, მაგრამ ისტორია მრავლად იცნობს ადამიანებს, რომლებსაც სიმამაცე არ აკლდათ, მაგრამ აკლდათ სულიერი სიკეთე”.

დეპუტატის აზრით, ქართული საზოგადოება კარგად თუ გააანალიზებს მაკკეინის რიტორიკასა და ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში, მიხვდებიან, რომ ის არც დადებითი ფიგურა იყო და არც საქართველოს მეგობარი.

“წინა რეჟიმის მეგობარი იყო, რომელმაც უამრავი ადამიანი აწამა და დაამცირა, ხოლო ქვეყანა ოკუპაციის ვითარებაში მოაქცია. აი, ეს იყო მაკკეინი”, – მიაჩნია ირმა ინაშვილს.

აშშ-ს სენატორი, “თეთრი ტორნადოს” სახელით ცნობილი ჯონ მაკკეინი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები