“ან ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, ან გული არ გქონდეს” – თბილისის მერი გლდანის პარკზე

თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის VI მიკრორაიონში განხორციელებული პარკის სამშენებლო სამუშაოებით და არაკეთილსინდისიერ კომპანიებთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე საუბრობს.  

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ კონკრეტული პროექტის განხორციელებისას დაშვებული ხარვეზების შესახებ ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ არ დაუშვებს  მოქალაქეებიდან მიღებული შემოსავალი ფუჭად დაიხარჯოს. “ასეთი კომპანიები დედაქალაქის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ, ეს არის თბილისის მოსახლეობის შეურაცხყოფა”, – განაცხადა კალაძემ. 

მისივე ინფორმაციით, გლდანში დასასვენებელი პარკის მშენებლობა შარშან დაიწყო და ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია არა მარტო ვადებში ვერ ჩაეტია, არამედ სამუშაო არასათანადოდ შეასრულა. შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა.  

“უბრალოდ გული დაგეწვება, რა სამუშაოები არის ჩატარებული და როგორ უპასუხისმგებლოდ არის მოქცეული ეს კომპანია, როგორ აქვს ჩატარებული სამუშაოები ამ პარკში. ან ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, ან გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთ მოექცე ქალაქს. ეს ხომ მარტო გლდანისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არ კეთდება? მნიშვნელოვანია შეიქმნას მწვანე სივრცეები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხარისხი, რომ დღეს გაკეთებულის ხვალ და ზედ ისევ გაკეთება არ მოგვიწიოს. მინიმუმ რამდენიმე ათეული წელი ხომ უნდა გაძლოს იმან, რაშიც დღეს თანხა იხარჯება?! ეს არის ჩვენი მოქალაქეებიდან მიღებული შემოსავალი, ჩვენ უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ამ თანხებს და მიმართულებას ვაძლევთ თუ რაში დაიხარჯოს. ასეთი კომპანიები დედაქალაქის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ, ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, თბილისში განხორციელებული პროექტებით ამაყობს, განსაკუთრებით როცა საუბარია მწვანე სივრცის მოწყობაზე. ასეთივე საჩვენებელი უნდა ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული პარკიც. 

“იმოქმედეთ კანონის ფარგლებში და გამოსწორდეს თვალშისაცემი ხარვეზები”, – მიმართა თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.    

მსგავსი თემები