ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სასამართლოში უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლო სამეფო ოჯახის დაპირისპირებას განიხილავს, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავება.

„დავის საგანს წარმოადგენს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აღკვეთა. მას არ აქვს უფლება,რომ საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისაუბროს, განახორციელოს შეხვედრები,შეიყვანოს შეცდომაში საერთაშორისო საზოგადოება,.

მას აქვს თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ წარმოადგენს ისეთი მეფეების შთამომავალს როგორიც არის ერაკლე მეორე, ალექსანდრე მეექვსე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში არავინ იცნობს. ერაკლე მეორე ასოცირდება ერეკლე მეორესთან, რომელთანაც მუხრანელი ბაგრატიონების შტოს არანაირი შეხება არ აქვს.

ალექსანდრე მეექვსეს სურათად აკაკი წერეთლის სურათი ჰქონდა განთავსებული, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გათვლილი“-აცხადებს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.

მისივე განმარტებით, ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახი ისტორიას აყალბებს, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და საქართველოს სამეფოს სახელით ჩატარებულ შეხვედრებში ამხელს.

ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვასა და ზიანის ასანაზღაურებლად, სიმბოლურ თანხას, ერთ ლარს ითხოვს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე კი, მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის DNM-ის ტესტის ჩატარება შესთავაზეს, რათა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ბაგრატიონების შტოს წარმოადგენდა. რაზეც ნუგზარ ბაგრატიონმა უარი განაცხადა. ეს კი ამძაფრებს ეჭვს, რომ ის თვითმარქვიაა. 

„მსგავს ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. რომ არ ყოფილიყო სავალდებულო კანონით, არც ჩავერთვებოდით ამ საქმეში. მათი მიზანი არის ერთადერთი მთავარი – სარჩელი არ არის გათვლილი შედეგზე, მათ სურთ, რაიმე ფორმით საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ აღიარება, რომ ისინი არიან რაიმე ფორმით კავშირში საქართველოს სამეფოსთან.

ჩვენ შევთავაზეთ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, ჩაეტარებინა დნმ კვლევა და დაედასტურებინა,რომ ის არის ნამდვილად ბაგრატიონი, რაზეც მან განაცხადა უარი, რაც კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვს, რომ ჩვენ არანაირ ბაგრატიონებთან საქმე არ გვაქვს და საქმე გვაქვს თვითმარქვიებთან“-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

საქმეს, საქალაქო სასამართლოში, სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.

მსგავსი თემები