ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია – ადვოკატი

სამეფო ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ, ყოფილი მეუღლის მის მიმართ ძალადობაში დადანაშაულება, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ბაგრატიონებს შორის დავამ სისხლის სამართლის სფეროში გადაინაცვლოს.

როგორც ლევან ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც კარგად იცის და მათ ბრალდების მიზანი, მხოლოდ შავი პიარია.  

ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ – გრუზინსკი მშობლების სახლში 2013 წელს დაბრუნდა. მანამდე წყვილი ესპანეთში, ცალ-ცალკე ცხოვრობდა და ამას ორივე მხარე ადასტურებს. 2014 წელს ანა კვლავ აღმოჩნდა დავით ბაგრატიონის სახლში.

“ისმის კითხვა, რა უნდოდა იქ, როცა მათი თანაცხოვრება უკვე 2 წლის შეწყვეტილი იყო. დავუშვათ მართლა მიაყენა მას მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა. ანა საექსპერტო განყოფილებაში 2014 წლის მაისში გამოცხადდა. ნებისმიერი პირი, რომელიც მიდის სამედიცინო დაწესებულებაში და მას აღენიშნება ძალადობის ნიშნები, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი პირველ რიგში რეკავს სამართალდამცავ ორგანოში. ძალადობის ნიშანი თუ ფიქსირდება, იოდს არავინ წაგისვამს თითზე. შესაბამისად ისმის კითხვა, რატომ არ განაცხადა ექსპერტმა პოლიციაში, თუ კი დაინახა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს ე.წ მოწმეებზე. ამ ინციდენტს ჰყავს 2 მოწმე, ისმის კითხვა, დანაშაულის დაფარვა 5 წლის განმავლობაში არის თუ არა, ასევე, კრიმინალი და მესამე – რატომ გახდა აღნიშნული აქტუალური დღეს, მაშინ, როცა ანას გაახსენდა, რომ ტიტული აქვს თავის ყოფილ მეუღლესთან გასაყოფი და მის მეუღლეს მისთვის 90 000 ლარის გადახდა მართებს. ასეთ დროს წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა, აქამდე რას ელოდებოდა”, – აცხადებს დავით ბარგატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხაიძე. 

მეუღლეზე ძალადობას რაც შეეხება, ლევან ჩხაიძის თქმით, დავით ბაგრატიონი აცხადებს, რომ  მომხდარ ინციდენტთან არაფერი აკავშირებს.

“ქალბატონ ანას, თუ ვინმემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩვენთვისაც საინტერესოა ვინ ჩაიდინა ეს და 5 წლის შემდეგ რატომ გახდა ეს ცნობილი, როცა სასამართლოში მიმდინარეობს 2 სამართლებრივი დავა. გავიარე კონსულტაციების სისხლის სამართლის სპეციალისტებთან, ჩემს კოლეგებთან და არანაირი იურიდიული პერსპექტივა აღნიშნულ დავას არ გააჩნია. 2014 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა მიიღო რიგი კანონებისა, როდესაც ოჯახურ ძალადობაზე სანქციები გამკაცრდა. აღნიშნული ქმედება ვერ ხვდება ამ გამკაცრებული რეგულაციების ქვეშ, არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, ყველა ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია, მოწინააღმდეგემ მშვენივრად იცის, რომ არანაირი სამართლებრივი რეაგირება ამას არა და ვერ მოჰყვება. მაგრამ აქ ჩანაფიქრი იყო ის, რომ ტალახი ესროლათ ჩემი მარწმუნებლისთვის და მისი პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეელახათ. ეს იყო მთავარი ამოცანა, რომელიც მედიასაშუალებებმა სკანდალად აქციეს”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე. 

მისივე განმარტებით, საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის  ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხოლო ცემა, 2014 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ერთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. 

​”მათ იციან, რომ არანაირი პერსპექტივა სისხლის სამართლის კუთხით ამ ბრალდებას არ გააჩნია, ისინი ვერც ქონების ნაწილში მოიგებენ სასამართლო დავას, იმიტომ, რომ ქონება შეძენილია განქორწინების შეწყვეტის შემდეგ და ვერც ტიტულოვან აღიარებას მიიღებენ, რადგან ეს სახელმწიფო არანაირ ტიტულებს არ აღიარებს, რაზეც მათ აქვთ პრეტენზია”, – აცხადებს ადვოკატი. 

აღსანიშნავია, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წლების შემდეგ აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ძალადობისა და ტერორის მსხვერპლი იყო. ანა ბაგრატიონის მტკიცებით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.  ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ, ორი დღის განმავლობაში, ის საგურამოდან თბილისში არ გაუშვა. 






მსგავსი თემები