“ანაკლიის პორტი ჩვენთვის არის ნატოც და ევროკავშირიც” – ვასილ ურუშაძე

კომპანია “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე, “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლებთან დაკავშირებულ სკანდალს ანაკლიის პორტს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები პროექტს დააზარალებს.  

როგორც ვასილ ურუშაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყნისთვის ის არის ნატოც და ევროკავშირიც. მისი წარმატებით განხორციელება სწორედ დასავლეთის ინტერესებშია. კერძოდ, ის, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი დერეფნები არ გადიოდეს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ხორციელდებოდეს ტვირთბრუნვის დივერსიფიცირება, არსებობდეს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნები, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოზე გამავალი, სადაც მნიშვნელოვანი როლი ანაკლიას უჭირავს. ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ის ერთგვარი კარიბჭე იქნება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

მისივე თქმით, პროექტის ჩავარდნით დაინტერესებულია რუსეთი, რადგან ანაკლიის პორტი პირდაპირ კონკურენციაში შედის რუსეთის პორტებთან (ნოვოროსიისკის პორტი, ბალტიისპირეთის პორტები), ასევე სახმელეთო მაგისტრალებთან ბელორუსიასთან და სხვა ქვეყნებთან.

“რუსეთის ინტერესებში არ შედის, რომ კავკასიაზე გამავალი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი,  კონკურენტუნარიანი იყოს. მაქსიმალურად გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ ეჭვქვეშ დააყენონ ასეთი მეგაპროექტები. ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს, ან არ გვქონდეს პრეტენზია, რომ ვიყოთ სერიოზული მოთამაშეები და ვიქნებით მუდმივად სიღარიბის ზღვარზე, ან ვიყოთ ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე. ამისთვის საჭიროა შევიძინოთ ფუნქცია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და გავხდეთ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ერთგვარი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ეფექტიანი სატრანსპორტო დერეფანი. თუმცა ამის წინააღმდეგ რუსეთი ჩადის არაერთ ქმედებას, ყველა ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარა უკავშირდება იმ მიზანს, რომ საქართველო არ იყოს მდგრადი და შემდგარი სახელმწიფო, რომ მასზე გამავალი დერეფანის მიმართ არ ჰქონდეთ ნდობა ტვირთმფლობელებს და იმ კომპანიებს, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის  ვაჭრობით არიან დაკავებულნი, საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიც არის “ექსომობაილი”, “შეილი” და სხვა, რომლებიც რეალურად ქმნიან მსოფლიოში გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ამინდს. მცოცავი ოკუპაცია ემსახურება ერთ მიზანს, დიდ კომპანიებს დაანახონ, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი არ არის უსაფრთხო და იქ მუდმივად არის პრობლემები და კონფლიქტი, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მათი ტვირთის უსაფრთხოებას”, – აცხადებს ვასილ ურუშაძე. 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლებით პროკურატურა დაინტერესდა, გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ანაკლიის პორტის პროექტზე თავდასხმა, რადგან პროექტის უკან, ფინანსურ გარანტორად სწორედ “თი ბი სი ბანკი” დგას. ის ერთ-ერთი მსხვილი ბანკია საქართველოში. ეს იცის ყველა ინვესტორმა და ყველა იმ პირმა, რომელიც დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებით.  

“მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტს ცალკე კონსორციუმი და იურიდიული პირი აშენებს და ცალკე პროექტია, მის უკან ფინანსურ გარანტორად დგას ინსტიტუტი “თი ბი სი ბანკის” სახით. საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ანაკლიის პორტში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს დაემთხვა, პროკურატურისა და ეროვნული ბანკის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ის ქმედებები, რამაც პრობლემა შეუქმნა “თი ბი სი ბანკს” და მის დამფუძნებლებს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაგვიმყარდა ეჭვი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედებები უკავშირდება ანაკლიის პორტის  პროექტის განხორციელების პროცესს”, – აცხადებს ვასილ ურუშაძე.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები