ანაკლიის პორტი ჩემი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ სპეკულაციას და უპასუხისმგებლოს უწოდებს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ქვეყნის ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს.

როგორც პრემიერი აცხადებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და მისი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველოს რეგიონული ჰაბი გახდეს, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტში ის, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული.

„არ მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ისეთი ენერგია და დრო აქვს ინვესტირებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, როგორიც მე, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრისა და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი – ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ანაკლიის პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა. აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ძალიან ლოგიკური კითხვა – როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია?!”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

​მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და იმავდროულად არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, საკუთარ თავს უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების უფლებას არ მისცემს.  

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამგვარი სპეკულაციები არის აქცენტების არასწორად გადატანის მცდელობა საკითხიდან, რომელიც პროფესიული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ამაზე ბრიუსელშიც ვისაუბრე და მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობას ვუხდი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი პერსპექტივით უყურებენ ამ პროექტს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები