ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩამორთმეული მიწები დაზარალებულებს დაუბრუნდება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ზუგდიდის რაიონში 4 დაზარალებულისთვის უკანონოდ ჩამორთმეული შვიდი მიწის ნაკვეთი მათ მფლობელებს დაუბრუნდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც ისე, რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

გარდა ზემო აღნიშნულისა, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილებები მიიღო პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძისა და მოქალაქე დავით ბიძინაშვილის საქმეებზეც.

შპს „ივერიას“ და შპს „ივერია 90“-ის დამფუძნებელი დავით ბიძინაშვილი 2007 წელს ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით დააკავეს. ხანგრძლივი პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა ეღიარებინა  დანაშაული რომელიც არ ჩაუდენია, რის შემდეგაც მას  5  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გადაისინჯება პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძის საქმეც. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ ყოფილი უფროსი ჯონი ბაბილოძე 2008 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ჯონი ბაბილოძე   ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წელს იქნა გასამართლებული. მას მსჯავრი დაედო მასში, რომ თითქოს მან როგორც რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის“ უფროსმა უპირატესობა მიანიჭა გადამზიდავ კომპანიებს შპს „ჯორჯიან ტრანზიტს“ და შპს „პეტროსილექს“, ასევე კერძო პირს მ.ჩ.-ს და მათ სასარგებლოდ  უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი, მათ შორის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჯონი ბაბილოძის მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მისი მხრიდან  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ჯონი ბაბილოძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით, რამდენადაც იგი მოიაზრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ზ.ნ.-ს გუნდის წევრად და მისი დაკავება უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას.

დეპარტამენტმა პოლიტპატიმარ ჯონი ბაბილოძისა და მოქალაქე დავით ბიძინაშვილის საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას. დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

მსგავსი თემები