“ამ მოსამართლეებს ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი” – ბექა ნაცვლიშვილი   

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი მხარს არ უჭერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის იდეას და წარმოდგენილ კანდიდატებსაც კრიტიკულად აფასებს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეები, რომლებიც პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, არ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში, სასამართლო ხელისუფლების ნაწილად მოიაზრებოდნენ.

“იმ პერიოდს თუ ვეძახით ფაშიზმს, ქართული გამოვლინებით, მაშინ მოსამართლეებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურებოდნენ, როგორ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება ჩააბარო”, – აცხადებს დეპუტატი.  ​

​ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის პოზიცია, როდესაც სწორედ მან უწოდა “ნაციონალურ მოძრაობას” ფაშისტები.

“იმდენი რამ ითქვა ამ მოსამართლეებზე, წარმოიდგინეთ, ისინი უვადოდ რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები, როგორ დაეცემა ქართული საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა მიმართ. ​თუ ვამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყო დამნაშავე რეჟიმი, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ უწოდა მათ ფაშისტები, მაშინ მათი რეჟიმის მსახური მოსამართლეებიც მიუღებელი უნდა იყოს. ფაშისტების რა გითხრათ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა ჩემთვის იყო პინოჩეტის რეჟიმის მსგავსი მმართველობა, იგივე ნეოლიბერალური წესრიგი დაამყარეს, ისეთივე ექსპერიმენტები ატარეს ქართულ საზოგადოებაზე, რაც პინოჩეტიმ ჩილეში გააკეთა. ​სახელმწიფო გადატრიალების 40 წლის თავზე, რომელიც პინოჩეტიმ მოახდინა,  მოსამართლეთა მთელი კორპუსი გამოვიდა და ბოდიში მოუხადეს ჩილეს მოსახლეობას, იმისთვის, რომ პინოჩეტის ემსახურებოდნენ. მე არ მინდა ისეთი მოსამართლეები იყვნენ უზენაეს სასამართლოში, რომლებსაც ბოდიში აქვთ ქართველი ხალხისთვის მოსახდელი”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები