„ამ მოსამართლეებს, პარლამენტისგან მწვანე შუქის ანთება უნდა გაუჭირდეთ“- მირიან წიკლაური მოსამართლეთა სიაზე

„არასამთავრობოებს მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, მახინჯი სასამართლო სისტემა რომ წაახალისეს“ – ასე აფასებს დეპუტატი მირიან წიკლაური არასამთავრობოების მიმართვას საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე. არასამთავრობო სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს 20 კაციანი მოსამართლეთა სია ჩააგდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი სიაში მოხვედრილ მოსამართლეების ე.წ. პროფილზე მუშაობენ, სადაც მათ მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები მოხვდება.

მოსამართლეთა დამტკიცების საკითხს „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტი დეპუტატი მირიან წიკლაური გამოეხმაურა, რომელმაც მოსამართლეთა მახინჯი სისტემის წახალისებაში თავად არასამთავრობო სექტორი დაადანაშაულა.

„ამ არასამთავრობოებს, თავის დროზე, იმ ხელისუფლების პირობებში უნდა ამოეღოთ ხმა, რომლებმაც ეს მახინჯი სისტემა შექმნეს. ეს მოსამართლეები ბინძურ საქმეებს სწორედ ამ არასამთავრობოების წახალისებით აკეთებდნენ. ამ სიას ბოლომდე არ ვიცნობ, გარკვეული გვარები კი ჩემთვის ცნობილია. დავიწყებ თითოეული მოსამართლის ბიოგრაფიის შესწავლას, სადაც მნიშვნელოვანი მათი წარსული გადაწყვეტილებები იქნება. არჩევანს მათი წარსული გადაწყვეტილებების შესაბამისად მივიღებ, რამდენად სამართლიანი იყო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე, ვიცით რომ პოლიტიკური ნიშნით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უსამართლო გადაწყვეტილება გამოჰქონდათ და მათ მიერ გამოტანილი საქმეები სტრასბურგშიც კი წავიდა, პარლამენტისგან მწვანე შუქის ანთება უნდა გაუჭირდეთ“.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ პოზიციას, ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ 20-ვე მოსამართლე არ დაამტკიცოს. დაამტკიცოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც აუცილებელია სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, დანარჩენი მოსამართლეები კი მომავალმა პარლამენტმა აირჩიოს.

როგორც მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დეპუტატებმა რეკომენდაციების გარეშეც კარგად იციან ვინ და რამდენი მოსამართლე იმსახურებს ნდობას.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არც გჭირდება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც  იმსახურებს. თუ ერთი იმსახურებს, ერთი უნდა ავირჩიოთ, თუ 10 იმსახურებს – 10“ – განაცხადა წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.      

მსგავსი თემები