ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, დღეს, უფულობის გამო, ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება” – დიმიტრი ხუნდაძე

„ოპოზიციის მხრიდან, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს და მათ მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით არის განპირობებული. მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან სიკეთის გაუფასურებისა, პრემიერის ინიციატივა მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაჟღერდა და არა ოპონენტების გულის მოსაგებად,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ხუნდაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე კარგი შემფასებელი თვითონ საზოგადოებაა.

„ჭიაბერაშვილი, ამ პროგრამას, მისი დაწყებიდან მავნებლურს უწოდებს. არადა, ამ „მავნებლურმა“ პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს, უფულობის გამო, ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები, მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმედ აწვებოდა განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც, დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და ზემოთ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები 6 ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღებენ. ჭიაბერაშვილის შენიშვნა, რომ ეს რიცხვი 41-ია, არის თითიდან გამოწოვილი, რადგან ამ რაოდენობაში იგულისხმება ის მედიკამენტები, რომელიც ერთი და იგივე დასახელებისაა, ხოლო ჩამონათვალში სხვადასხვა დოზირებით შედის,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული პროგრამის მიმართ ოპონენტების ნეგატიური განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ შიშითაა გამოწვეული.

„რაც შეეხება ბიუჯეტში ამ პროგრამის დანახარჯებს, ის 10 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეტაპობრივად უფრო მეტად გაფართოვდება. ოპონენტების მხრიდან ამ სიკეთის გაუფასურება ემსახურება შიშს, რომ ამ ფონზე ისინი მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ და უფრო მეტად დაკარგავენ, ეს კი მათ რევოლუციურ სცენარში ვერ ჯდება“ -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები