“ამ ბიჭების სიყვარულით საქართველოს მსოფლიო გაიცნობს და ტურისტებიც ჩამოვლენ, ესაა ჩვენი კულტურა“ – „გეი სიყვარულით“ აღფრთოვანებული მაყურებლები


„არ უნახავთ „უდიპლომო სასიძო“, სადაც „ვარდენა“ სიძეს ტუჩებში ეამბორება? ეს არ არის გარყვნილების ქადაგება“

8 ნოემბერი – კიდევ ერთი ხმაურიანი, დაპირისპირების, დაკავებებისა და გაწევ-გამოწევის დღე. ეს ყველაფერი კი „გეი წყვილის“ სიყვარულის ისტორიაზე გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია. ფილმმა, სადაც ქართული ტრადიციული ელემენტები, ხალხური ცეკვები, ქვევრი, ფაფახი და სხვა, რაც ქართული კულტურისთვის მთავარი დამახასიათებელია, „გეი წყვილთა“ სასიყვარულო სცენებისა და მამაკაცების სექსუალური სცენების ფონზე პიარდება.      

ვისთვის ეს ყველაფერი ხელოვნება და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, ვისთვის კი „პორნო ფილმი“ და „გარყვნილების პროპაგანდა,“ რომელიც ქართულ ტრადიციებს შეურაცხყოფს.

„მედიაცენტრი მთავარი“  ფილმის პრემიერიდან გამოსული ადამიანების შთაბეჭდილებებით დაინტერესდა, რომლებიც ემოციებს ვერ მალავენ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ასეთი სიყვარულით დახუნძლული ფილმი საქართველოში არასდროს გადაუღიათ.     

„ინტიმური ურთიერთობა ბიჭებში მოსულა, გოგოებში თუ ბიჭს და გოგოს შორის, ვისი რა საქმეა“

ვაკო, 23 წლის: „ეს არ იყო პორნოგრაფია, ეს არის რეალობა, ეს არის ის, რაც დღეს ხდება, ბევრის ცხოვრებაში ხდება, ჩვენთან ხდება თუმცა ვმალავთ. როტომ უნდა დავმალოთ. ადამიანები ასე ბუნებრივად იბადებიან, ზოგს საპირისპირო სქესი უყვარდება, ზოგს კი თავისივე სქესის ადამიანი. შეუყვარდათ ბიჭებს ერთმანეთი და ფილმი ამ სიყვარულს ეხება. მერე რა, რომ ინტიმური ურთიერთობაც არის მოცემული, ეს სიყვარულში მოსულა. ბიჭებში მოსულა, გოგოებში თუ ბიჭს და გოგოს შორის, ვისი რა საქმეა. მე მომეწონა“.  

გუგა, 36 წლის: „ამ ფილმის ნახვით  დიდი სიამოვნება მივიღე და უფრო მეტსაც მივიღებდი, რომ არა გარეთ ატეხილი ამბები. ეს არის ფილმი, რომელიც ჩვენს გაჭირვებულ და დაქცეულ ქვეყანას, ტურისტებს მოუყვანს, მსოფლიოს გააცნობს და ფულსაც შემოუტანს. ვინც საქართველოს არ იცნობს, გაიგებს, რომ ეს არის თავისუფალ ქვეყანა სადაც თავისუფალი ურთიერთობები მისაღებია. ასევე, გაიცნობს ჩვენს ცეკვებს, თბილისს, ტრადიციებს. ამ ბიჭების სიყვარულით საქართველოს მსოფლიო გაიცნობს და ტურისტებიც ჩამოვლენ, ესაა ჩვენი კულტურა“.  

მახო (ამბობს, რომ მის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს): „ერთი ეს მითხარით, რომ იძახით ქართული ტრადიციები შეურაცხყვეს და წაგვბილწესო, ამ ხალხს მათთვის საამაყო ფილმი ავიწყდება? არ უნახავთ „უდიპლომო სასიძო“, სადაც „ვარდენა“ სიძეს ტუჩებში ეამბორება? ეს არ არის გარყვნილების ქადაგება თუ რასთან გვაქვს საქმე? რაც დღეს ვნახე, იმას ნიშნავს, რომ წინ მივდივართ და ვითარდებით. გაიგეთ ხალხო, შეიძლება ქალს ქალი შეუყვარდეს და კაცს კაცი. ინტიმი ვის  ვისთან ექნება ეს ამ „დურაკი“ ხალხის გადასაწყვეტი არ არის“.   

ოსკარზე წარდგენილი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული ცეკვის  მოცეკვავე მერაბის ცხოვრებას ეხება, რომელიც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი გამოჩნდება. ირაკლი მერაბის ყველაზე ძლიერ მეტოქედ და ამასთანავე მოწონების ობიექტად იქცევა, მას ბევრი რისკზე წასვლა მოუწევს. ფილმი აგებულია წყვილის სიყვარულზე, სასიყვარულო სცენებზე და წყვილის ინტიმური დეტალებიც.  

ფილმის რეჟისორი, ლევან აკინი კი აცადებს, რომ ფილმი საქართველოს ისტორიასაც ასახავს: „ამ ფილმით, მე, როგორც რეჟისორი, ჩემს ფესვებს დავუბრუნდი. ადამიანების რეალურ ცხოვრებას ფილმში და იმას, რაც საქართველოში ხდება, ამბავზე გავლენა აქვს. ერთი მხრივ, ფილმი ეხება ახალგაზრდა ლგბტ ადამიანების ცხოვრებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ისტორიასა და დღევანდელ სიტუაციას. ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზეა“.

ეროვნულ კინოცენტრის ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძის შეფასებით, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცალსახად  პორნოგრაფია არ არის. „ზოგადად, ფილმებში, თუნდაც ექსპლიციტურად ნაჩვენები სექს-სცენები ერთმნიშვნელოვნად პორნოგრაფიული არ არის“ – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ,“  საქართველოს სახელით წარდგენილია ოსკარზე. საქართველოს სახელით ოსკარის პროზისთვის კიდევ ერთი ფილმი „შინდისი“ იბრძვის. როგორც პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე  მარიამ ჯაში აცხადებს, საქართველოს სახელით, ოსკარზე  სწორედ „შინდისის“ პოპულარიზება უნდა ხდებოდეს.

„საზოგადოებას შევახსნებ და მოვუწოდებ, რომ საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის იბრძვის „შინდისი“, რომელიც არის ჩვენი გმირების ისტორია და ჩვენი ეროვნული ძალისხმევა სწორედ ამ ფილმის პოპულარიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ჯაშმა.

“მედიაცენტრი მთავარი”

მსგავსი თემები