ამომრჩევლების 80 %-მა არ იცის, რას სთავაზობენ პრეზიდენტობის კანდიდატები – აგიტ მირზოევი

ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი აცხადებს, რომ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობაში არ შეიმჩნევა განსაკუთრებული მოლოდინი საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ. უფრო მეტიც, არაქართულენოვანი ამომრჩეველის 80 % არ არის საქმის კურსში, თუ რას სთავაზობს ესა თუ ის კანდიდატი, შესაბამისად მათი არჩევანი არ არის გაცნობიერებული და ორიენტირებული საკუთარ მომავალსა და საჭიროებებზე.

​როგორც აგოტ მირზოევმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,  ეთნიკური უმცირესობების ხმები, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები აიღებენ, დამოკიდებულები იქნება მათ პარტიულ აქტივისტებზე, რამდენად სწორად იმუშავებენ ისინი. სამწუხაროდ რეგიონებში არ იმართება შედეგზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრები და პოლიტიკური პროცესების მართვა ისევ კლანების დონეზე მიმდინარეობს.

“საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამის შესახებ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, იმიტომ, რომ თავად პროგრამები არ არის წარმოდგენილი ფართოდ და არც ამომრჩევლისთვის არის ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაშიც ზოგადი შინაარსის განცხადებები კეთდება და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პრობლემებს ნაკლებად ექცევა ყურადღება. კერძოდ, როგორ უნდა იყოს დაცული მათი კანონიერი უფლებები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სხვა”, – აცხადებს აგიტ მირზოევი.

მსგავსი თემები