„ამერიკის მხარდაჭერა რომ არა, რუსული ჯარი, რომელიც გორთან დგას, თელავში იქნებოდა“ – გიორგი ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის “ კვლევებს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან გათიშვის მცდელობის მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და აცხადებს, რომ რასაც ქალბატონი ტორნტონი აკეთებს, რუსეთის ინტერესებშია.

კინორეჟისორმა მაგალითად კვლევების ის ნაწილი მოიყვანა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა.

„მთლიანობაში, როგორც ქალბატონი ტორნტონი გვიმტკიცებს, გამოკითხულთა 60% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატი არ არის.  არადა, ეს ქალბატონი 2012 წელს გვარწმუნებდა, რომ მოსახლეობის 50%-ის აზრით საქართველოშ დემოკრატიაა. სწორედ ეს არის სიყალბე, ეს ქალბატონი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველო არ ვითარდება“ – განაცხადა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან კვლევის კიდევ ერთი ნაწილი მოიყვანა, სადაც პოლიტიკურ ლიდერებზეა საუბარი.  

„როგორც შეიძლება დავით ბაქრაძე ყოველთვის ლიდერი იყოს. ბაქრაძე რომ ყოველთვის ლიდერია, ეს უკვე პათოლოგიაა. ასევე, წარმოიდგინეთ, რომ „ჩეკისტ“ ვაშაძის პოპულარობა აღემატება ივანიშვილის, ზურაბიშვილის პოპულარობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რასაც ეს ქალბატონი თავისი კვლევებით აკეთებს, არის შეტევა არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოზე, არამედ, მის ყველაზე მსხვილ პარტნიორზე და სახელმწიფოზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და რომ არა ამერიკის მხარდაჭერა,  რუსული ჯარი, რომელიც გორთან დგას, თელავში იქნებოდა.  ეს ქალბატონი რუსეთს ემსახურება. მას სურს, საქართველოში არადემოკრატიულობის განცდა შექმნას. ის ცილს სწამებს ჩვენს ქვეყანას.  თუ  საქართველო დისკრიდიტირებული იქნება, ჩვენს გვერდით არავინ დადგება და არც არავინ დაგვიცავს“ – განაცხადა  გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები