“ამერიკელ დიპლომატს, თურმე, უფლება აქვს ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ” – ირმა ინაშვილი

დღეს გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატების განცხადებები შეაფასა.

ინაშვილმა მამუკა მდინარაძისა და გიორგი ვოლსკის კომენტარებს სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, მათ არ შესწევთ ძალა კოლეგა დაიცვან.

“თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები. ამერიკის მოქალაქეს, დიპლომატს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, ასევე მედიის წარმომადგენლები, მთელი ქვეყანა. მარტო ხალხია ამ შემთხვევაში ჩემი მოკავშირე და თანამოაზრე. არავინ გრძნობს თურმე თავს შეურაცხყოფილად. ბატონი კრამერი გვარად რომ კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ამ ქვეყანაში. ე.ი. ამერიკელი დიპლომატისთვის შეიძლება, რომ ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ეს არ ეკადრება და არ აქვს უფლება არც რუსს, არც ამერიკელს და არც არავის დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამის ხაზგასმა, ჩვენება არავის გსურდათ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული მედიის რაღაც ნაწილში ბოკერია-სააკაშვილების მხარდამჭერებს ვხედავ. ეტყობა, მოენატრა ზოგიერთ ჟურნალისტს დახურული ტელევიზიები და ტერორი მედიაზე და აღარ ახსოვს ის, რაც ხდებოდა სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის დროს. ჩვენ არ გვენატრება ის დრო, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ბოკერია-კრამერები-სააკაშვილები იყვნენ საქართველოს დირექტორები. დღეს სწორედ ეს მცდელობაა, რომ საქართველოს თავზე მოაჯდნენ როგორც დირექტორები. ეს არ გამოვა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვიმოქმედებთ, პარლამენტში, პარლამენტს მიღმა, დიპლომატიური არხებით, სამოქალაქო აქტივობისა და პროტესტის გზით, რომ სწორედ ეს დირექტორობა, სააკაშვილ-ბოკერია-კრამერების დირექტორობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები