ამერიკასა და ევროპაში აღარავის ეპარება ეჭვი “ქართული ოცნების” პროდასავლურობაში – ბიძინა ივანიშვილი

​მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა, დასავლეთელ პარტნიორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ დაერწმუნებინა ისინი “ქართული ოცნების” დემოკრატიულ ღირებულებებში.

ექსპრემიერის თქმით, დღეს უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით არის დაკომპლექტებული. ახლა ის საშინაო საქმეებით დაკავდება და მიაღწევს იმას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ჭეშმარიტად ხალხზე მორგებული და მათზე მზრუნველი ხელისუფლება.

მისივე თქმით, 2012 წელს, საქართველოში სახელისუფლებო ცვლილებასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ აბსოლუტურად განსხვავებული და დიამეტრალურად საპირისპირო განწყობა და წლების დასჭირდა მათ დარწმუნებას, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა არ იყო პოლიტიკურად დევნილი.

“დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკურად დევნილი. თავისი სახელი დაარქვეს “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას დაჭირდა წლები, ყველამ გაიგო ვინ არიან ისინი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სტუმრობისას.

მისივე შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობას” დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული, მათ მოტყუებული ჰყავდათ ამერიკელებიც და ევროპელებიც, იმაში, რომ ისინი იყვნენ “საოცრად დემოკრატიული” ხელისუფლება.

“თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები “ნაციონალურ მოძრაობას”, რა დონეზე ყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება და რა დაგვჭირდა ჩვენ პირველი ორი წელი და ჩემი პრემიერობის დროს, ძირითადი დრო მიდიოდა იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორები დამერწმუნებინა. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები. შემთხვევით არაფერი მომხდარა. გარწმუნებთ, ყველა ნაბიჯი იყო სწორი გადადგმული” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამას დაჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გააჩნია ქვეყანას.

„ამ რესურს აქვს ძალიან დიდი ფასი, ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი რესურსია. ახლა დარჩა, შიგნით მობილიზება, რაც მე ვიცი ძალიან კარგად, ის იყო ძალიან რთული და დარწმუნებულიც არ ვიყავი როგორ და რანაირად მიგვეღწია. მივაღწიეთ ახლა. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულ, მათზე მზრუნველ ხელისუფლებას დავეხმარები და ჩამოვაყალიბებ. კარგი გუნდია, რაც აკლია არ დასჭირდება ამას ერთი წელიწადი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები