“ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა” – გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ის, შესაძლოა, დააკავონ. ნიკა გვარამია მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება ორი მიზეზით გააქტიურდა. პირველი, რადგან მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა. მეორე მიზეზად კი, ის მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას ასახელებს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ საქმით კომპანიის ახალი მფლობელები შეძლებენ „რუსთავი 2“ გაკოტრებულად გამოაცხადონ და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე კომპანიაში რჩებიან, გაათავისუფლონ.

„რაც ხდება ჩემ წინააღმდეგ, ორ საკითხს უკავშირდება. პირველი – პირადად ჩემს საკითხს, მე განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და აუცილებლად გავაკეთებ “რუსთავი 2”-ზე ბევრად კარგ ტელევიზიას და ამ მთავრობისთვის ძალიან სერიოზულ, კრიტიკულ პლატფორმას. მეორე საკითხია, რომ უბრალოდ, “რუსთავი 2” ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს. კომპანია მიჰყავთ გაკოტრებისკენ. სხვანაირად ვერ იშორებენ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ “რუსთავი 2”-ში და მართლაც გმირულად იბრძვიან, რასაც მივესალმები. გაცვიფრებასა და ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავ, იმ გმირული და ურთულესი წინააღმდეგობის გამო, რასაც “კურიერი”, “P.S” და საინფორმაციო სამსახური გადის დღეს, მტრულ გარემოცვაში. 

შემიძლია ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. ფინანსები და კეთილსინდისიერება არის ის საკითხი, სადაც არასდროს არაფერი შემშლია. ძალიან ცუდი გზა აირჩია მთავრობამ ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა“ – ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები