„ამას აქ ესროლეთ“, „იმას – იქ“, ვის – ზევით და ვის – ფეხებში“ – ამ ბრძანებას  მინისტრი ვერ გასცემდა“ – ქანთარია

“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე  ქანთარია, რუსთაველზე გამართულ აქციაზე მისულ ახალგაზრდებს ურჩევს, არ გახდნენ მათი მოთხოვნების მძევლები. მისი თქმით, ახალგაზრდების წაქეზებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები ცდილობენ.

როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა ფარსი და უკუღმართობის მცდელობაა.

„გახარია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელ იმ პროცესზე, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ მისი გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები, რადგან,  მართლაც, ეპოქალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. წესით, თუ ვინმე არ აქეზებთ მათ, ცოტა გონივრული იქნებოდა ამით დაკმაყოფილება. რაც შეეხება აქციის დაშლის ბრძანების გაცემას, ლოგიკას თუ გავყვებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, რომ მისი ბრძანება იყო ის, რომ წინ არც ერთი ნაბიჯი გადაედგა არავის“, – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრც მთავარში“.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მინისტრი ბრძანებას ვერ გასცემდა მარჯვნივ ესროლათ, მარცხნივ, ზემოთ თუ პირისპირ: „გახარია ბავშობიდან პოლიციელი ხომ არ არის.  ალოგიკურია, რომ მინისტრს გაეცა ბრძანება „ამას აქ ესროლეთ“, „იმას – იქ“, ვის – ზევით და ვის – ფეხებში. ზემოთ ესროლეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ამას  მინისტრი ვერ იტყოდა. ვერც იმას იტყოდა, „ამას“ არ დაუმიზნოთ და „იმას“ დაუმიზნეთო. მთავარია, შევინარჩუნეთ სტაბილურობა, რასაც ვერ დავთმობთ”.

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, აქციის დაშლა ბალეტი არ არის.

„ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ ნიკა მელია ამ შემთხვევაში მარტო ყოფილიყო. მის გარშემო აუცილებლად გამოსაკვეთია ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა მელია ჩაუყენა სათავეში. თუ ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რაც ძალიან მეეჭვება, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს. ის, რაც ჩვენ 21 ივნისის ღამეს ტელევიზიებითა და ვიდეოებით ვნახეთ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას აუცილებლად იმსახურებდა,”- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტ მთავარში”.

მსგავსი თემები