“ამად ღირდა ყველაფერი, ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მიზანი” – ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი მიზანი, პირველ ეტაპზე შესრულებულია. დეპუტატის განცხადებით, ამად ღირდა ყველაფერი.

„ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი მიღწეულის. პირველი ეტაპის ამოცანა იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით“ – ეს განცხადება ეკა ბესელიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, ის პროცესი, რაც მოსამართლეების თემაზე დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, სწორედ მისი ქმედებების დამსახურებაა. ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა 10 კაციანი სია, რომელიც პარლამენტში შევიდა, ვერ დამტკიცდება.

„მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს პროცესი, რაც გაცხადდა, მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, კარგი და მივესალმები. მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვისი ბრალია, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის არის და იყო, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, მთავარია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები