ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია – „თოკების პარკი“ გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია, „თოკების პარკი“ გაიხსნა. 

სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი შემეცნებით-გასართობი ატრაქცია, „თოკების პარკი“ ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.

„ახალი ინფრასტრუქტურის შექმნითა და დაცული ტერიტორიების განვითარებით, ჩვენ რეგიონებში ახალ  ეკონომიკურ შესაძლებლობებს ვქმნით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პოლიტიკა საკონსერვაციო საქმიანობის გაუმჯობესებითა და კერძო სექტორის დაინტერესებით, განახორციელოს საინვესტიციო პროექტები, ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების განვითარებისკენაა მიმართული. ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარკში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში  ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო თოკების ატრაქციის მოწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში,  ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა.

მსგავსი თემები