აკაკი ზოიძე: მთავარია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რომ ანაკლიის პროექტს ჩრდილი არ მიადგეს

“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად, ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელების პერსპექტივა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ დღეს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის მიზანი იყო,
რომ სწრაფად და ამომწურავად გაეცეს კითხვებს პასუხი, რათა რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს კონკრეტულ ადამიანებს, ვისზეც დამოკიდებულია ანაკლიის პორტის განხორციელების პერსპექტივა.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად, ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელების პერსპექტივა. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სწრაფად დასრულდეს.

თუ რამე კითხვის ნიშნები არის, დღეს რაც მოვისმინეთ, ამის მიხედვით ჩანს, რომ არის, სწრაფად და ამომწურავად გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, რომ რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ამ ადამიანებს, რომლებიც არიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ასევე, კონსორციუმის დამფუძნებლები, რომელიც ანაკლიის პროექტის განმახორციელებელია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს, რაც სიმართლესთან არაფერ კავშირშია.

„ოპოზიციას ყოველთვის აქვს ასეთი ეჭვები და დარწმუნებით საუბრობენ, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. მათი აზრით, რაც ცუდი ხდება ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია, მაგრამ ეს სიმართლესთან არაფერ კავშირში არ არის. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედია, დავადანაშაულოთ, რომ ქვეყნისთვის ზიანის მოტანა უნდა ან ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი თემები