“აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

“მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ, ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები, მონიტორინგის მიზნით მოსახლეობას ხვდებიან და არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივებისგან იღებენ ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, მავნებელთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი, ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით, მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა. 

ამასთან, სააგენტოს ცნობით, შექმნილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა.

“ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ  გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – parosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე”, – ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთანაც იგეგმება.

მსგავსი თემები