“აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს” – განათლების სამინისტრო

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსდებიან”, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

„კოვიდ-19“ პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი“, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები