აზერბაიჯანული მხარე საქართველოში სომეხი მებრძოლისთვის ძეგლის დადგმას აპროტესტებს

ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე, სომეხი მებრძოლის, მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარემ პროტესტი გამოთქვა.

სააგენტო Интерфакс- Азербайджан -ის ინფორმაციით, მიხეილ ავაგიანი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციის მონაწილე და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელთა მკვლელობებში მონაწილეობდა. 

„საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მოსთხოვეს საჭირო ზომების გატარება, აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად, რაც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში დურსუნ ჰასანოვს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბაქოს ოფიციალური პროტესტი გამოხატა.

​ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ყარაბაღის ომის მონაწილე, ეთნიკურად სომეხ მიხეილ ავაგიანს, რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში ძეგლი გაუხსნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ​ ​

​ახალქალაქის მერის განმარტებით, ეს ბიუსტი 1994 წლიდან აქ დგას და ადგილობრივმა მოსახლეობამ, ამჟამად, საკუთარი ხარჯით მხოლოდ ჯებირი გაუკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში სამცხე-ჯავახეთში, 2019 წლის 20 იანვარს ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს, მიხეილ ავაგიანს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის გახსნას მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი ესწრებოდა.

მსგავსი თემები