„აზერბაიჯანი ქართველ მომლოცველებს არ ზღუდავს, ის საქართველოს პარტნიორია“ – ალი ბაბაევი

“საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ ბრალდებად აფასებს და ამბობს, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართველ მომლოცველებს არ ზღუდავს.   

“მე, როგორც “აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე საქართველოში, მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანული მხარე ხელს უშლის და აფერხებს საინგილოში, კერძოდ კახის რაიონში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოსალოცად მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს. მინდა გითხრათ, რომ მივმართე რა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, მინდა დარწმუნებით გითხრათ, არავითარი პრობლემა და შეფერხება აზერბაიჯანული მხრიდან არ შეექმნებათ მომლოცველებსა თუ აზერბაიჯანის ვიზიტორებს, რომლებიც კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ვადებს ითვალისწინებენ“ – განუცხადა ალი ბაბევმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება: „აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთოდ ნებისმიერ პირს, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაციის სისწორე. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ისევე როგორც საქართველო – აზერბაიჯანისა, ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა და ხორციელდება უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი. აზერბაიჯანი ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა დაბრუნებას მშობლიურ ადგილებში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ გაავრცელებთ არასწორ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას”.

მსგავსი თემები