“აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას” – მეუფე შიო

“აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას”,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

მეუფე შიოს თქმით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს.

„აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

“ჩვენმა კანონმდებლობამ უნდა დაიცვას ჩვენი შვილები ამ უბედურებისგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ინიციატივით ტარდება, „იუნისეფის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები