ავჭალის რკინიგზის სადგურს ეროვნული გმირის, ვალოდია გოგუაძის სახელი მიენიჭება

თბილისის გარეუბანში, კერძოდ, ავჭალაში მდებარე რკინიგზის სადგურს შესაძლოა სახელი შეუცვალონ და  საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელ ვლადიმერ გოგუაძის სახელი დაერქვას. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლეს ქართველებმა, საუკუნის წინ, რუსეთის საბჭოთა არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება.  

აღნიშნული ინიციატივა, დედაქალაქის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოთქვეს და ამ საკითხზე საქართველოს რკინიგზასთან კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

როგორც თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, მისი კომისია მუდმივად ცდილობს იმ გმირების სახელები უკვდავყოს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანეს.

მისივე ინფორმაციით, იანვარში, ტაბახმელაში იუნკერ არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე ქუჩას მიენიჭა ასევე იუნკერის, შტაბის კაპიტან ბესარიონ კემულარიას სახელი.

“1921 წელს, საოკუპაციო არმია კოჯრის მიდამოების გარდა, გვებრძოდა სამგორში, გლდანში, ავჭალაში. გამოვდივართ ინიციატივით, ავჭალის რკინიგზის სადგურს დაერქვას საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის სახელი“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საქართველოს ეროვნული გმირი ვალოდია გოგუაძე 1880 წელს, გურიის სოფელ ჭანჭათში (ოზურგეთის მაზრა), გლეხის ოჯახში დაიბადა. 1918-1921 წლებში ის საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა საქართველოს ყოველი მხრიდან უტევდნენ, გოგუაძის ჯავშანმატარებლები სამშობლოს საზღვრებს შიდა თუ გარე მტრებისაგან იცავდა. მასთან ერთად იბრძოდნენ მისი ძმები: ნოე, მელენტი და ალფესი – რომელიც ერთ-ერთი ჯავშნოსანს მეთაურობდა. ჯავშანმატარებელთა რაზმში ირიცხებოდა მისი მეუღლეც, ნამეტია ბერძენიშვილი, რომელიც პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ იმდენად შეუყვარდა მასზე 11 წლით უფროსი რაინდი, რომ სწავლა მიატოვა და 1919 წლიდან მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ჯავშანმატარებელზე ცხოვრობდა.

ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით მოხერხდა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან მობრუნებული რუსეთის 200 ათასი ჯარისკაცით სავსე ეშელონების თბილისისთვის არიდება და აზერბაიჯანში გადაყვანა.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში მძიმედ დაჭრილი ვალოდია მეგობრებმა სტამბულში წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მას მეუღლეც შეუერთდა. თურქეთში ორ წელიწადს გაჩერდნენ. როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ, 1923 წელს, პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. ჯავშანმატარებლის ლეგენდარული მეთაური 1954 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული.

მსგავსი თემები