ავტოფარეხები საერთო სარგებლობის ავტოსადგომებით უნდა ჩანაცვლდეს – დავით ზურაბიშვილი

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უკანონო ავტოფარეხების პრობლემა დედაქალაქს დიდი ხანია აწუხებს, თუმცა ეს საკითხი მოსახლეობასთან კონსულტაციით, მათთვის გარკვეული კომპენსაციის შეთავაზებით უნდა მოგვარდეს, ხოლო ავტომობილების მფლობელებისთვის საერთო სარგებლობის ავტოსადგომი მოეწყოს.

როგორც დავით ზურაბიშვილმა დღეს, “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, უკანონო ავტოფარეხები დედაქალაქში ძალიან ბევრ ადგილას არის განთავსებული და მათ საკმაოდ დიდი სივრცე უკავიათ. ერთი მხრივ ეს არაესთეტიურია და მათ უმეტესობას მოსახლეობას დანიშნულებისამებრ არ იყენებს, მაგრამ მეორე მხრივ უნდა იყოს დაცული მოქალაქეთა ინტერესები.

“თბილისის მერია ამ პრობლემის მოგვარებას თუ შეძლებს ისე, რომ მოსახლეობის ინტერესების არ დაზარალდეს კარგი იქნება, სხვა შემთხვევაში, ძალდატანებით შესაძლოა უარესი შედეგი მივიღოთ. ეს არის გრძელვადიანი საკითხი და თუ მერიას ამასთან დაკავშირებით რაიმე გეგმა აქვს შემუშავებული, ამის განხორციელებას გარკვეული დრო, შესაძლოა წლებიც დასჭირდეს”, – მიაჩნია დავით ზურაბიშვილს.

​აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგებელს, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟისა და მათ ადგილას მწვანე სივრცეების მოწყობის საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა, 25 აპრილს გამართულ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

მსგავსი თემები