ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება მძღოლის დადანაშაულებით არ უნდა დასრულდეს – ეკა ლალიაშვილი 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ბევრი ფაქტორი იყოს და მხოლოდ მძღოლის დადანაშაულებით არ უნდა დასრულდეს საქმის გამოძიება.

მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას ეკა ლალიაშვილმა განიხილა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

ლალიაშვილის აზრით, საქმის სიღრმისეული შესწავლისთვის, პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობის საკითხი. კერძოდ, პირველად ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. თუ ეს მართლაც ასეა, აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს, უნდა გაკონტროლდეს სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, რათა თავიდან იყოს აცილებული საჭესთან ჩაძინების შემთხვევები.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რამდენად არის უზრუნველყოფილი თვითონ შპს “თბილსერვისის” თანამშრომლების უსაფრთხოება, უტარდებათ თუ არა მათ შესაბამისი ტრენინგები იმის გათვალისწინებით, რომ ეს, სიცოცხლისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად სწორად არის შერჩეული ნაგვის ურნების განთავსების ადგილები, ხშირ შემთხვევაში, დასუფთავების მანქანები შესაძლოა აფერხებდნენ საგზაო მოძრაობას, ქმნიდეს სარისკო ვითარებას, როგორც დასუფთავების სამსახურის პერსონალისთვის, ისე სხვა მოქალაქეებისთვის.

“ბუნებრივია, რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ სახელმწიფომ, ისინი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. მარშალ გელოვანის გამზირი, ავტოტრანსპორტით თბილისში ერთ-ერთი დატვირთული ნაწილია, დაშვებულია მაღალი სიჩქარე, შესაბამისად, დასადგენია, რამდენად სწორი იყო ურნები გზაზე განთავსებული, დროის სწორ მონაკვეთში ხორციელდებოდა თუ არა ნაგვის გატანა. თავად პერსონალი იცავდა თუ არა უსაფრთხოების წესებს და სხვა. ეს შემთხვევა არის რამდენიმე მიმართულებით შესასწავლი, მხოლოდ მიკროავტობუსის მძღოლის დადანაშაულება არასწორია. ხვალ და ზეგ იგივე შეცდომა რომ განმეორდეს ინფრასტრუქტურული გამო?” – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

​მისივე თქმით, ​​ინფრასტრუქტურული დაგეგმარებისას გათვლილი უნდა იყოს გზებზე, სად უნდა მიდიოდეს დასუფთავების სერვისის საკმაოდ დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანა, რომ არ შეაფერხოს მოძრაობა ან არ შექმნა ავარიულ ვითარება.

საზღვარგარეთის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მხოლოდ მძღოლის ბრალეულობას არ იძიებენ, არამედ იმ ხარვეზს, რაც შეიძლება ჰქონდეს ინფრასტრუქტურას, თავად ავტომობილს. შესაძლოა გაუმართავი იყოს, ვერ დაამუხრუჭა დროულად, ან დაამუხრუჭა, მაგრამ სამუხრუჭე სისტემა იყო გაუმართავი და სხვა. ამის შემდეგ ასკვნიან, რამდენი პროცენტი იყო ბრალეულობა ინფრასტრუქტურის არასწორი დაგეგმარიების გამო და რამდენი – მძღოლის. “ასეთ დროს იკვეთება არა მხოლოდ ერთი პრობლემა, არამედ კომპლექსურად ხდება მათი განხილვა, ამას გვინდა მივაღწიოთ, რომ ასეთი შემთხვევები შესწავლილ იქნას”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი “მთავართან” საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოში ასევე სერიოზული პრობლემაა მძღოლების მიერ მარჯვენა მხრიდან გასწრება, რაც მანევრირების წესების დარღვევაა და ერთ-ერთი პირველია საგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზთა შორის, სიჩქარის გადაჭარბების შემდეგ.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები