ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო ხდება

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. 

ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა. საკითხი დადებითად გადაწყდა. ცვლილებების პროექტზე პარლამენტი იმსჯელებს. 

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებული ხდება მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მფლობელი ან მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევისას ზიანს მიაყენებს სხვა მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და დაუზიანებს მას ქონებას.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.

კერძოდ, 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72 საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.

ინიციატივის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულება არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება სამხედრო დანიშნულებისთვის, მაგრამ გარდა ავტობუსების, მსუბუქი მანქანებისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტისა.

მსგავსი თემები