“ავსტრალიაში ხანძარი ტყის მასივების ჩეხვამ გაამძაფრა” – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ავსტრალიის ტყეში გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე და იქ ბინადარ ცხოველებზე ისაუბრა.

ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ავსტრალიაში, ხანძრის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებში, დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანებს, რომლებიც ანადგურებენ ტყის მასივებს. მისი თქმით, ეკოსისტემა აღარაა ჯანსაღი, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზე.

„ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც გაამძაფრა ავსტრალიაში ხანძრის შედეგები, ესაა ტყის მასივების განადგურება ადამიანის მიერ. შესაბამისად, ვერ ხდება თითოეული ცხოველის კონცენტრაცია მათთვის შესაფერის ადგილებზე. ასეთ შემთხვევებში, ნებისმიერი კატასტროფული მოვლენა, როგორიცაა ხანძარი, ეპიდემია, გაცილებით მძიმედ აისახება, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ცხოველები თანაბრად იქნებიან გადანაწილებული.  ტყის ხანძრები, მათ შორის ავსტრალიური ხანძრები, ესაა ბუნებრივი მოვლენა, თუ ეკოსისტემა ჯანსაღი და მთლიანია. სამწუხაროდ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს ასე აღარაა და ამიტომ ვიღებთ ასეთი მძიმე შედეგებს”, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

ზურაბ გურიელიძემ განმარტა, რომ სიდნეის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული შედეგები, თუ რამდენი ცხოველი დაიღუპა ავსტრალიაში ხანძრის შედეგად , სიმულაციაა და არაა გამყარებული ფაქტებზე. მისი თქმით, ცხოველები, რომლებსაც სწრაფად შეუძლიათ გადაადგილება, ხანძარი მათთვის ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.

“გავრცელდა ინფორმაცია რომ დაიღუპა 480 მილიონი ცხოველი, თუმცა ეს არა ფაქტებზე, არამედ მოდელირებაზეა გამყარებული. მოდელირება ხდება იმის მიხედვით, თუ  რა ტერიტორია დაიწვა და შესაბამისად, რამდენი ცხოველი შეიძლება ცხოვრობდეს იქ. ცხოველები, რომლებიც  შედარებით უფრო აქტიურები არიან და კარგად მოძრაობენ, მაგალითად კენგუროები,  ნაკლებათ ეხებათ ეს პრობლემა, მათ შეუძლიათ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ სხვაგან,” – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები