ავსტრალიაში, ცეცხლი ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება

ავსტრალიის ტყის ხანძრებმა კატასტროფული მასშტაბი მიიღო. რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, მაშველები ცეცხლს ვეღარ აქრობენ. ავსტრალიის რამდენიმე შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევაკუაცია დაგვიანებულია. მაშველები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანას ვეღარ ახერხებენ.

ცეცხლი უკვე 150-ზე მეტ კერას უკიდია. ამჯერად ხანძრის ახალი კერები ალპურ ზონაში მდებარე ქალაქებს უახლოვდება. ხანძრის მასშტაბურობის გამო, ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ავსტრალიელ მეხანძრეებს კანადელი და ამერიკელი მაშველები ეხმარებიან.

დიდი ბრიტანეთი, კანადა, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი, გერმანია – ავსტრალიაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო მთელი მსოფლიოში აქცია-პერფორმანსები იმართება. დემონსტრანტები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვენ.

ტყის ხანძრებმა ავსტრალიის ფლორასა და ფაუნას კატასტროფული ზიანი მიაყენა. სტიქიამ მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა. ალმოკიდებული ტყეებიდან ცხოველები ადგილობრივებსა და მეხანძრეებს გამოჰყავთ.

ავსტრალიაში უკვე მესამე თვეა რაც მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიას ბოლო მონაცემებით 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ქვეყანაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით უკვე 183 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები