ადვოკატი მიხეილ კალანდიას გათავისუფლებას ითხოვს – ზურაბ თოდუა “მთავარში”

“ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლო უფლების განხორციელების შემთხვევაში, პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალი დასაბუთებას ვერ პოვებს და გამამართლებელი განაჩენი დადგება მიხეილ კალანდიას მიმართ,” – აღნიშნული განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურა თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

ზურა თოდუა, მიხეილ კალანდიას მიმართ წაყენებულ მუხლს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხორავას ქუჩაზე, იარაღი არ ჰქონია. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე შეკრების მიზეზი შერიგება და არა განძრახ მკველობა იყო. 

“მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებულ ჯგუფს, რომ უნდოდა მკვლელობა ჩაედინა, არის ტყუილი. კალანდიას იარაღი არ ჰქონია. კალანდიას მიერ, ბიჭების შეკრება, არის საბჭოთა პერიოდის მახინჯი გადმონაშთის შედეგი. არც ჯანაშიას და მის დასახმარებლად მოხმობილ ადამიანებს, არ ჰქონდათ განძრახვა ჩაედინათ დანაშული. მათი მიზანი შერიგება იყო. მიხეილ კალანდიას რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი, ამას სჭირდებოდა თავის დროზე გამოძიება და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება, მაგრამ ის მუხლი, რაც დღეს მას აქვს წაყენებული ტყუილია. არავითარ შემთხვევაში, კალანდია არ არის დამნაშავეთა ჯგუფის ორგანიზატორი და არავითარი განძრახ მკვლელობა მას არ ამოძრავებდა,”- განაცხადა ზურა თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის განცხადებით, მას საშუალება არ ეძლევა, მის დაცვის ქვეშ მყოფს, დაწესებულებაში თავისუფლად ესაუბროს. მისი თქმით, დაწესებულების ოთახებში, მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული.

“რამდენჯერმე ვიყავი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაწესებულებაში შესული და არ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი შეხედულებისამებრ შევხვედროდი, რადგან იმ ოთახში დგას მოსასმენი აპარატურა. ციხის ადმინისტრაცია მეპატიჟება იმ ოთახებში, სადაც ჩემი ვარაუდით უნდა იყოს მოსასმენი აპარატურა განთავსებული და მაინცდამაინც იმ ოთახებში უნდათ, რომ ვესაუბრო ჩემი დაცვისქვეშ მყოფს,”- განაცხადა ზურა თოდუამ “მედიაცენრ მთავარში”

მსგავსი თემები