ადვოკატი კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებები შეწყვიტოს

20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ, პოლიციაზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული ბესიკ თამლიანის ყოფილი ადვოკატი ხელისუფლებას კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ხელისუფლებამ დაკავებები უნდა შეწყვიტოს.

„მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციის ის განაწესი, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე ქმედების გამო, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იქნას განმეორებით პასუხისგებაში მიცემული. მე ვიცავდი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის ინტერესებს და ყველა მათგანს შეეფარდა 12-13 დღიანი პატიმრობები, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ 3-4 დღემდე შეამცირა და ყველა აღნიშნული პირის დანაშაული ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, მათ შორის, ბესო თამლიანისაც და გამოუშვა დარბაზიდან. გუშინ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბესიკ თამლიანი დააკავეს ამჯერად უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით მასობრივ არეულობაში მონაწილეობის გამო, აბსოლუტურად იგივე ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის ის განაწესი, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე ქმედების გამო, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იქნას განმეორებით პასუხისგებაში მიცემული“ – განაცხადა ადვოკატმა.

ლევან ჩხეიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები: „მიუხედავად იმისა, რომ მათ არსებული ვითარების გასამუხტად რიგი ქმედებები გაატარა, კიდევ უნდა გაატაროს მსგავსი ღონისძიებები. ანალოგიური სცენარის განვითარება და რეპრესიული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში რევოლუციურ ვითარებას შეუწყობს ხელს“.

ცნობისთვის, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ დაკავებული ბესიკ თამლიანი წარსულში წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არის ნასამართლევი.

მსგავსი თემები