ადვოკატები მინდია ლავასოღლის ექსტრადირებას ითხოვენ და თეა წულუკიანს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

„კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული, მინდია ლავასოღლის ადვოკატები მისი დაცვის ქვეშ მყოფის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. როგორც მათ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ქართულმა მხარემ ორჯერ დაარღვია ლავასოღლის ექსტრადირებისთვის განკუთვნილი ვადა.

ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, ლავასოღლი გაუსაძლის პირობებშია.

„საქართველოს მოქალაქე მინდია ლავასოღლი გაუსაძლის მდგომარეობაშია. ძალიან სამწუხაროა, რომ თურქეთის რესპუბლიკაც, უკანონო ქმედებებში, პირდაპირ თუ ირიბად, ჩართულია. მინდია ლავასოღლის საკითხი ორჯერ გაიარა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისმა სასამართლოებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარემ ვერც ერთხელ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ მისი ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო და მხოლოდ ფორმალურად გამოუშვეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებებიდან.

შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს მოვუწოდებ, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში, რომ მსგავსი უკანონო ქმედება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს. ან, თუ ჩვენი სახელმწიფო ითხოვს მის გადმოცემას, გადმოიყვანონ კანონით განსაზღვრული წესით. დღევანდელი მოცემულობით, ექსტრადირებას ითხოვენ თუმცა, არ გადმოჰყავთ,“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონოდაა დაკავებული და ამის დასამტკიცებლად ის აპირებს, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართოს. ამასთან, ის თეა წულუკიანს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“მინდია ლავასოღლი ორჯერ გამოუშვეს ციხიდან. პირველ შემთხვევაში გარეთ 1 დღე იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – 40 წუთი. შემდეგ შესახლდა პენიტენციურ დაწესებულებაში ისე, რომ რაიმე კანონდარღვევა არ ყოფილა. მხოლოდ და მხოლოდ შესახლებულია იმიტომ, რომ თურმე საქართველოს მხარეს მინდია ლავასოღლის ინტერესი კვლავ აქვს” – აღნიშნა კობაიძემ.

კიდევ ერთი ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი,
საფრთხის წინაშე დგას არამხოლოდ ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მისი სიცოცხლეც. ადვოკატების ინფორმაციითვე, მინდია ლავასოღლი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

როგორც დაკავებულის დამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მას მინდია ლავასოღლთან უკვე 3 კვირაა, რაც კომუნიკაცია არ ჰქონია.

„კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ ამ დროისთვის სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

მსგავსი თემები