“ადეკვატურად შეაფასეთ რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა” – “ლელო” მთავრობას მიმართავს

მოძრაობა “ლელო”, საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით, მთავრობას მიმართავს.

როგორც “ლელოს” განცხადებაშია ნათქვამი, კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა.

“კარასინი-აბაშიძის 2019 წლის 29 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა.

ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს რუსული ენისა და კულტურის ცენტრები.

ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვების ჭრილში, ამ განცხადებას, განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობას, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ველში გადავიდეს რუსული ენისა და კულტურის მორიგი ცენტრის გახსნა, რაც დასავლეთისკენ მიმართული მძლავრი გზავნილია – თითქოს საქართველომ იცვალა კულტურული ორიენტაცია და თავისი ვექტორი მიმართა რუსეთისკენ.

კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა. სახელმწიფოთაშორის დონეზე, რუსულ-ქართული კულტურული დიალოგი დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მხოლოდ პოლიტიკური პარიტეტისა და დეოკუპაციის თემაზე დიალოგის დაწყების პირობებშია შესაძლებელი.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიხსენოს საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტი, ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა და დაიცვას საქართველოს ინტერესი, დარჩეს დასავლური კულტურის წრის ქვეყნების სივრცეში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები