„ადამიანს შუბლზე გაწყვეტილი ძარღვი რომ ექნება, გინდა მოსამართლედ დააყენე, გინდა მსაჯულად“ – თამაზ მოლაშვილი

„გვარებს ჩამოგითვლით, ვისაც თითო აგური აქვს დადებული სულხანის განადგურებაში. მონანიებაც კი არ შეუძლიათ და დღეს, თავს იმართლებენ რომ კარგები, სამართლიანები და მაგრები არიან,“ – ასე ეხმიანება სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ლევან მურუსიძისა და შალვა შავგულიძის განცხადებებს „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც თამაზ მოლაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, სულხანმა მურუსიძეს სიცოცხლეშივე გასცა პასუხი.

„რა უნდა ექნა მურუსიძეს? სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა? ამაზე სულხანს პასუხი იურიდიულად და სამართლებრივად აქვს მისთვის გაცემული და მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. კარგად იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუმცა, ეს არ ან ვერ გააკეთა“ – აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

როგორც თამაზ მოლაშვილი ამბობს, მას შვილი შუბლში ტყვიით კი არ მოუკლეს, ნელი სიკვდილით მოკლეს და ამ ადამიანებს დღეს სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ.

„სულხანის საქმის მოსამართლე ახლა თავს იკლავს, გინდა თუ არა, კარგი ვარო. ის, რაც ცუდი იყო, მისი მონანიების გრძნობაც კი არ აქვს. რაც შეეხება შავგულიძეს, ადვოკატობის დროს კარგად მიჰყავდა საქმე, მაგრამ, გინდა თუ არა, არავის სიამოვნებს, რომ დღეს „ნაციონალებთანაა“. პირადად მე, მას სრულად ვენდობოდი და კარგად მიჰყავდა საქმე, ერთგული იყო“ – განუცხადა სულხან მოლაშვილის მამამ „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება, კონკრეტულ გვარებს, თამაზ მოლაშვილი 7 გვარს ასახელებს, რომელსაც მისი შვილის განადგურებასა და წამებაში წვლილი აქვს შეტანილი: „როდესაც სულხანი დააპატიმრეს, გრიგალაშვილმა ჩააგდო სარდაფში. დაწყებული პირველი დღიდან აწამებდნენ სულხანს. გვარებს ჩამოვთვლით – გრიგალაშვილი, ღვინიაშვილი, ოქრუაშვილი, კაპანაძე, მურუსიძე, მეიშვილი, კუბლაშვილი, ციხის სამედიცინო პერსონალი, ყველას თითო აგური აქვს დადებული სულხანის განადგურებაში. არ დამავიწყდება სასამართლო პროცესები და ის უსამართლობა, რომელსაც ყოველ ჯერზე ვაწყდებოდით. საკმაოდ დიდი უსამართლობა იყო ყველა კუთხეში, ყველასთან და ყველაფერში. შუბლში ტყვიით კი არ მომიკლეს ჩემი შვილი, ნელი სიკვდილით მომიკლეს“.

მისივე თქმით, სასამართლო და მოსამართლეები მაშინ სწორედ იმას აკეთებდნენ, რა ბრძანებასაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აძლევდა: „ექიმმა ჰეპატიტი რომ დაუდგინა, არც გაამხილეს, 11 თვის მერე თქვეს და ავტეხეთ აბები. ამის შემდეგ, სტრასბურგიდან მიიღეს დავალება, უმკურნალეთო. თავის დროზე რომ ემკურნალათ, იქნებ ცოცხალიც მყოლოდა შვილი. ერთი სიტყვით, ერთიც დამნაშავე და მკვლელია, მეორეც და მესამეც, რომლებმაც შვილი მომიკლეს. კიდევ ერთი უბედურება იცით რა არის, სულხანის საქმის მოსამართლე მურუსიძე სინანულს ვერ გრძნობს, ვერ ხვდება, რომ მიქარა, რომ დანაშაული ჩაიდინა. აყოლილი იყო ბრძანებასა და მოთხოვნას, რასაც სააკაშვილის მთავრობა ეუბნებოდა. ახლა მაინც რომ გამოვიდეს და გინდა წერილობით ან ზეპირად აღიაროს, რომ შეცდა – არა. ჯიუტად იძახის მართალი ვარ-ო. ადამიანს შუბლზე გაწყვეტილი ძარღვი რომ ექნება, გინდა მოსამართლედ დააყენე, გინდა მსაჯულად, იმისგან კარგს არაფერს არ უნდა ელოდო“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მსგავსი თემები