ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართვას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 8 ნოემბერს თბილისში ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცავთა რეაგირების გარეშე კვლავ რჩება ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების აგრესიული და რიგ შემთხვევებში, აშკარად სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებები და მუქარები.

“ხელისუფლება თავს არიდებს საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას – შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, აგრესიულ ჯგუფებთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

კვლავ პრობლემურია მაღალი თანამდებობის პირების მიერ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებებისა და მოწოდებების გაკეთება.

ლევან აკინის ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ კინოთეატრ „ამირანთან“  მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, აქციის ერთ-ერთი მონაწილის თავდასხმის ობიექტი დისკრიმინაციული ნიშნით გახდა. ფილმის სანახავად მისულ ანა სუბელიანს ბლაგვი საგანი თავის არეში ესროლეს, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. ფაქტზე ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ შ. შ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის I ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალი არ შეესაბამება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, როცა აშკარად გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი. საგამოძიებო ორგანოები აგრძელებენ მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ბრალის წარდგენის საწყის ეტაპზე სრულიად უგულვებელყოფს დანაშაულის დისკრიმინაციულ და სიძულვილის შემცველ მოტივს, რაც თავის მხრივ ბრალდების შინაარსს არსებითად ცვლის.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიციელთა რეაგირება დანაშაულის ფაქტზე და მათი მხრიდან საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საკითხი. დაზარალებული ანა სუბელიანისა და სხვა თვითმხილველი პირების ინფორმაციით, მიუხედავად აქციის მონაწილეთა აშკარად გამოხატული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობისა და მის მიერ პოლიციელთათვის არაერთი თხოვნის მიუხედავად, პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მხოლოდ მედიის გამოჩენის შემდეგ მოახდინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ცალკეულ პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობის ფაქტებს და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განაგრძოს და გააძლიეროს მუშაობა შსს-ს თანამშრომელთა გადამზადების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, განცხადებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვს სამართალდამცველთა მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტზე მოკვლევის დაწყებასა და დამნაშავეთა დასჯას.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოში მასშტაბური დემონსტრაციების საპოლიციო მართვის სტრატეგიებსა და ტექნიკაში არსებული ხარვეზები, რაც ბოლო დროს სულ უფრო მეტად იჩენს თავს და ამ მიმართულებით შესაბამისი ორგანოების უმოქმედობა სამომავლოდ ამ პრობლემის უფრო გაღრმავების საფრთხეს ქმნის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ხელისუფლების მხრიდან არასაკმარის რეაგირებას რადიკალური ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რაც მიანიშნებს ამ ჯგუფების ინსტურმენტალიზაციის მცდელობაზე. ამასვე ადასტურებს ჰომოფობიური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვასაძის განცხადება მისი და ბიძინა ივანიშვილის ფარულ შეხვედრაზე. აუცილებელია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრისა და მისი შინაარსის თაობაზე.

პოლიტიკური მიზნებისთვის ჰომოფობიური განწყობების ინსტრუმენტალიზაცია სხვადასხვა პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების მიერ განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და პირველ რიგში LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოებას. ამ მხრივ არსებული საგანგაშო მდგომარეობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს, მიიღოს ეფექტური ზომები საზოგადოებაში ჰომოფობიის შემცირებისა და ტოლერანტული იდეების მხარდასაჭერად”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, ზუსტი და ობიექტური საგამოძიებო მოქმედებებით უზრუნველყოს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება.; გაადაკვალიფიციროს ანა სუბელიანის საქმეზე ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალი და გამოძიება წარმართოს დისკრიმინაციული, სიძულვილის შემცველი მოტივით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე; დაიწყოს მოკვლევა და სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე (სსკ 225-ე მუხლი), ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორთა წინააღმდეგ; დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული შეკრების მონაწილეთა მიერ განხორციელებული სხვა ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 8 ნოემბრის ფილმის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა 2019 წლის 8 ნოემბერს ცაკლეულ სამართალდამცველთა მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე. მათ შორის, მტკიცებულებათა განადგურების შესაძლო ფაქტზეც; საქართველოს მთავრობას – ღიად გააკეთოს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ხელი შეუწყოს ანტიჰომოფობიური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნას; შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ; „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დროულად მიაწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მისი და ლევან ვასაძის შეხვედრასთან დაკავშირებით და ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებთან დაკავშირებით.

პოლიტიკურ პარტიებს – გაიზიარონ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არ მოახდინონ მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია; მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში – არ მოხდეს ჰომოფობიური დისკურსის გაღრმავება; წინასაარჩევნოდ მოახდინონ დეკლარირება, თუ როგორია მათი დამოკიდებულებები თანასწორობის იდეებისადმი და შესაბამისად, მაქსიმალურად დაცალონ წინაასაარჩევნო რიტორიკა ჰომოფობიისა და სხვა დისკრიმინაციული  მოწოდებებისგან.

მსგავსი თემები