ადამიანის უფლებათა ცენტრი პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ეხმაურება

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმი არ და ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და საფრთხეს შეუქმნის შეწყალების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დანიშნულების პრაქტიკულ იმპლემენტაციას.  

ამასთან, განცხადების მიხედვით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა აღადგინოს შეწყალების საკითხთა კომისია და დააკომპლექტოს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური პირებით. ამავე დროს, მათივე განმარტებით, შესაბამისი ნორმატიული აქტითა და პრაქტიკით, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას სახელმწიფოს მეთაურის მიერ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას აქამდე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო სხვადასხვა დროს სახელმწიფოს მეთაურთა მიერ თავიანთი კონსტიტუციური უფლების – შეწყალების გამოყენებამ. მათი გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთებისა და კრიტიკის ობიექტი. შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას არსებული პრობლემები და ხარვეზები კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული ბოლოდროინდელი შეწყალების აქტების შემდეგ. პრეზიდენტმა ორ გახმაურებულ მკვლელობაში მსჯავრდებული პირები შეიწყალა და საზოგადოებას არ განუმარტა, რით იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილებების მიღებისას.

“ზოგადად, შეწყალება წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან გამოხატულ ჰუმანურობისა და გულმოწყალების აქტს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულს, გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, შეუმცირდეს სასჯელი ან მოეხსნას ნასამართლობა.

სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციონალიზმში აპრობირებული პრაქტიკით, შეწყალება, ძირითადად, სახელმწიფო მეთაურის კონსტიტუციური პრეროგატივაა, რომელიც ქვეყნების კონსტიტუციებითა და სხვა კანონქვემდებარე თუ საკანონმდებლო აქტებით არის რეგლამენტირებული. საქართველოშიც, შეწყალების ინსტიტუტი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის, ექსკლუზიური კონსტიტუციური პრეროგატივაა. საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ეს საკითხი 53-ე მუხლით განისაზღვრა, რომლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით: პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება მსჯავრდებულთა შეწყალებას.

თავისი შინაარსით შეწყალების ინსტიტუტი ქვეყნის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ეფექტურად გატარებასაც ემსახურება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, „შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალებით შეიძლება მოეხსნა ნასამართლობა“.

„ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, შეწყალების ექსკლუზიური კომპეტენციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ბრძანებულებით, თავად განისაზღვრავს მსჯავრდებულთა შეწყალების წესსა და პირობებს, შეწყალების კომისიის შემადგენლობას, რაც სრულად შეესაბამება ქვეყნის უზენაესი კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს სხვადახვა პრეზიდენტის მმართველობის პირობებში მსჯავრდებულთა შეწყალება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი. სავარაუდოდ, ამას უკავშირდება მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივა, როდესაც მან 2019 წლის მარტში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.

შეწყალების უფლებამოსილების განხორციელება მსგავსი მოდელით მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ნოვაცია არ არის. ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ მოდელის შემოღება წარმოქმნილი კრიზისის დაძლევასა და საჯარო ინტერესების დაცვას უკავშირდება. კერძოდ, პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის (2003-2013) მიერ რამდენიმე პირის შეწყალებას საზოგადოების კრიტიკა და შემდგომში პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებაც მოჰყვა. კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით, ახალმა პრეზიდენტმა (მილოშ ზემანი) კონსტიტუციით თავის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება სწორედ იუსტიციის სამინისტროს გადააბარა, თავად კი შეწყალების მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით (პირის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში) გამოყენების უფლება დაიტოვა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ პერიოდში დეკლარირებული პოზიციის ფონზე, რომ შეწყალების საკითხი იუსტიციის სამინისტროს უნდა განეხილა, კიდევ უფრო გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა დამოუკიდებლად ჯამში 91 მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება.

საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიღებულმა შეწყალების აქტმა, რითაც მან მკვლელობისთვის მსჯავრდებული ორი პირი შეიწყალა. ამ გადაწყვეტილების განჭვრეტადობის დაბალმა ხარისხმა და საზოგადოების სენსიტიურობამ ამ თემისადმი კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების თვითნებური გამოყენების პრობლემა. მით უფრო, როცა ზურაბიშვილის მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ მმართველობისას, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი საფუძველი მის მიერ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გამოყენებული შეწყალების უფლება გახდა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელსაც სწორედ შეწყალების უფლების შეუსაბამო გამოყენებაში სდებდა ბრალს.

ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მიუღებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფართო და ყოველგვარ კონტექსტს მიღმა მოაზრება. პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება უნდა ექვემდებარებოდეს საქართველოს მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა და მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტს. შეწყალების აქტი ჰუმანურობის პრინციპის რეალიზებას უნდა უწყობდეს ხელს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდეს კერძო პირთა ინტერესებს.

დისკრეციული უფლებამოსილება იმდენად ფართოდ შეიძლება იქნას განხილული, რამდენადაც იგი ჰუმანურ მიზნებს ემსახურება და შეესაბამება სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილულ საქმეზე – „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ესოდენ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეების შეწყალება და მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრება“.

პრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა კონსტიტუციური ორგანოები, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას შეზღუდულები არიან საკონსტიტუციო პრინციპებით და მათი მოქმედება არ უნდა გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის დებულებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონსტიტუციურ პრინციპებთან კავშირში. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს არა თვითნებურად და კერძო ინტერესებით, არამედ წინასწარ ჩამოყალიბებული, ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი და ნათლად განჭვრეტადი კრიტერიუმების საფუძველზე.

მყარი დემოკრატიული მმართველობის პირობებში, მსგავსი საკითხის რეგულირება კონსტიტუციური პრაქტიკითაც იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ქართული რეალობიდან და უკანასკნელი პრაქტიკიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებაც, რაც შეწყალების ინსტიტუტის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისა და მისი დისკრედიტაციის პრევენციასაც მოახდენს.

ვინაიდან პრეზიდენტის მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ ხშირია, სასურველია, პრეზიდენტსა და მის სათათბირო ორგანოს – შეწყალების საკითხთა კომისიას შორის არსებობდეს სისტემატიური პირდაპირი კომუნიკაცია. ამ მხრივ, საუკეთესო გამოსავალია, ყოველი შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ პრეზიდენტი შეხვდეს შეწყალების საკითხთა კომისიას და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის განსხვავებული გადაწყვეტილება”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

მსგავსი თემები