ადამიანის უფლებათა ცენტრი ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვს 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკავებას ეხმიანება და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც მიუღებელია, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს.

მათი აზრით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, გამოძიება საქართველოს პარლამენტის აქტიური კონტროლითა და მონაწილეობით წარიმართოს, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს – სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას დანაშაულზე, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის იურისტი ეკა ქობესაშვილი ოფიციალურად არის ჩართული საქმეში და ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, ლაშა თორდიას 2017 წლის 13 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა. ეს თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა გენერალური აუდიტორის საქმიანობას და არა მის პირად ცხოვრებას.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის – ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო „მყისიერი განეიტრალებისთვის“.

​იურისტის თქმით, პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა. გამოძიება, ასევე, არ დაინტერესებულა თორდიას ცემაში მონაწილე კიდევ ერთი პირით, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსან მიხეილ ჩოხელით.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება საქართველოს პარლამენტის აქტიური კონტროლითა და მონაწილეობით მიმდინარეობდეს, რადგან საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს – სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე თავდასხმას დანაშაულზე, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება მთავარი პროკურატურის გააქტიურებას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკითხვას და მისთვის ბრალის წაყენებას. თუმცა, ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ლაშა თორდიას ჯერ კიდევ არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციას და ადვოკატს საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდება.

მსგავსი თემები