“ადამიანის უსაფრთხოება ვაჭრობის საგანი ხდება, მშენებლობის კუთხით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს” – თეა გოდოლაძე

ორგანიზაცია “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მშენებლობის სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა და ნებართვებს არაკომპეტენტური პირები გასცემენ. შედეგად კი, ადამიანის უსაფრთხოება ვაჭრობის საგანი ხდება.

როგორც სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანიები ისეთ გეოლოგიურ დასკვნებს გასცემენ, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ვერც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.

მისივე შეფასებით, ასეთი კომპანიების ექსპერტები ძირითადად ძველი, გასული საუკუნის 60-იანი წლების მეთოდით მუშაობენ და მიაჩნიათ, რომ ეს ნორმაა.

“არიან 60-იანი წლების ექსპერტები, არც ინგლისური იციან, არც კომპიუტერი, ვეღარც თანამედროვე ლიტერატურას კითხულობენ და 1960 წლის სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. როცა ეკამათები, არ გისმენენ. მეცნიერება ყოველწლიურად ვითარდება და ფეხი თუ ვერ ავუწყვეთ, ჩამოვრჩებით. არ ხდება ექსპერტების საერთაშორისო სტანდარტებით ლიცენზირება. იქმნება კორუფციული სქემა, იმიტომ, რომ ყველა ყველას ბიძაშვილია. საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა და მიწისძვრა აქ ბუნებრივი მოვლენაა, რომლის პროგნოზირება არ შეუძლია მსოფლიოში არავის. მოსახლეობის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია სეისმომედეგურ შენობებზე”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

მისივე თქმით, შენობების და ინფრასტრუქტურის მედეგობის მიმართულებით პრობლემები რეალურია. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ საბჭოთა მემკვიდრეობიდან ქვეყანა ევროპულ, თანამედროვე მიდგომებზე გადავიდეს. თუმც, ეს მიმდინარე პროცესია, რომლიც ჯერჯერობით, კანონმდებლობაზე ასახული არ არის. შესაბამისად, როგორც სეისმოლოგი აცხადებს, მუნიციპალიტეტები, სამშენებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ.

“იცით, რომ სამშენებლო ნებართვებს თბილისის მერია გასცემს. აქ ერთგვარად, ჩაკეტილი წრე გვაქვს, სადაც დამნაშავეს ვერ გამოავლენ. ყოველ დღე გვაქვს დანაშაულებრივი ფაქტები. ფურცელზე ყველაფერი დალაგებული და იურიდიულად გამართულია. მერიიდან იურისტი კანონის ენით გელაპარაკება. როცა ეუბნები, რომ დოკუმენტს შინაარსობრივად აქვს პრობლემა, მომზადებულია არაკვალიფიციური ადამიანის მიერ და მორგებულია ბიზნესის ინტერესებზე და არა უსაფრთხოებაზე, არ ითვალისწინებენ”, – აღნიშნა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები