“ადამიანის გარიცხვა, როცა უნდათ, არ ამბობენ: – წასვლა თუ გინდა, წადი” – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის აზრით, გედევან ფოფხაძემ, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის რიგები არ უნდა დატოვონ, მით უმეტეს, მაშინ, როცა მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით მათი პროტესტი შედეგიანად დამთავრდა და კრიტერიუმების გარეშე მოსამართლეების სია ვეღარ შევა პარლამენტში.  

მისივე თქმით, როცა თანაპარტიელის გუნდიდან გარიცხვა უნდათ, მას არ ეუბნებიან: – წასვლა თუ გინდა წადი, – ასეთ დროს ამბობენ, რომ მან დაარღვია გარკვეული წესი და უნდა გაირიცხოს. “ეს ორი სხვადასხვა წინადადებაა. ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ გარიცხვის საკითხზე, ეს არის ფრაზა, რომელიც ყველგან შეიძლება გამოდგეს”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი პატივისცემით არის განწყობილი გედევან ფოფხაძის, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ და მიაჩნია, რომ ყველფერი, რაც შეიძლებოდა პოლიტიკურად გაკეთებულიყო – დალაგებულია, პრობლემების დანარჩენი ძირითადი ნაწილი კი, შესაბამისი გადაწყვეტილებებით დარეგულირდება. აქედან გამომდინარე, ამ სამი დეპუტატის უმრავლესობიდან გასვლაზე, ან მათ გარიცხვაზე საუბარი  ემოციურად გაკეთებული განცხადებებია.

“საკითხს ისე შევხედოთ, როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. რამდენად არის საჭირო, ჩვენმა რომელიმე კოლეგამ დატოვოს უმრავლესობის რიგები. არის ეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის და ქვეყნისთვის საჭირო, თუ არა. რაც უფრო ნაკლებად ჩავრთავთ ამ საკითხში ემოციას, მით უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ დეპუტატების პოზიციამ, თავისი შედეგი გამოიღო, იუსტიციის საბჭოს მიერ გამოგზავნილი მოსამართლეების სია ხელაღებით არ დაგვიმტკიცებია. როგორ უნდა დავნიშნოთ მოსამართლეები, ამასთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბეთ სწორი პოლიტიკური წესები. ამ წესებს დაიცავს, როგორც სასამართლო, ის პარლამენტი. მე ვფიქრობ რომ ჩვენი პოლიტიკური ამოცანა სწორედ ეს იყო და ჩვენი კოლეგების პროტესტი იმ სიასთან დაკავშირებით დამთავრდა შედეგიანად”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მისივე შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებით მაქსიმუმი გაკეთდა, რადგან პოლიტიკურმა გუნდმაც მიიღო გადაწყვეტილება რომ კრიტერიუმების გარეშე მოსამართლეების სია ვერ შევა პარლამენტში. პარლამენტს აქვს საბოლოო სიტყვის უფლება, ესა თუ ის მოსამართლე დაინიშნება თუ არა. 

მსგავსი თემები