კამერით დაფიქსირებულ საგზაო წესების დამრღვევ მძღოლებს, ჯარიმასთან ერთად, ქულებიც ჩამოეჭრებათ

ახლო მომავალში საგზაო უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება, რის მიხედვითაც „ჭკვიანი“ კამერა ურჩ მძღოლს, ფულადი სანქციის დაკისრებასთან ერთად, ქულებსაც ჩამოაჭრის. სანქციები გამკაცრდება ავარიების გამომწვევ ისეთ მიზეზებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა, ტელეფონზე საუბარი და სხვა…

„აქამდე დამრღვევ მძღოლს ქულას მხოლოდ პატრული აჭრიდა, რაც არაეფქტიანი გამოდგა. ახლო მომავალში შსს-ს ინიციატივით, კამერა ფულად სანქციასთან ერთად, საგზაო წესების დარღვევისთვის, მძღოლს ქულასაც ჩამოაჭრის. ეს არის მთავარი პრინციპი.

არის ინიციატივა, რომ ნასვამ მძღოლებზე სანქცია უფრო გამკაცრდეს. დავუშვათ, თუ მეორე ჯერზე მძღოლი საჭესთან კვლავ ნასვამი აღმოჩნდება, შესაძლოა, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს, ტელეფონზე საუბრის გამო, შეიძლება მეტი ფულადი ჯარიმა დაეკისროს და ა. შ.“ – განმარტავს „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აგრესიულმა მძღოლებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ჯარიმებისა და ქულების ჩამოკლების მოლოდინით მაინც გამოასწორონ თავიანთი ქმედება, რადგან წლის განმავლობაში ლიმიტირებული 100 ქულის ამოწურვის შემდეგ, მათ შეუჩერდებათ მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება მომდევნო წლამდე, ან გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევთ.

„აგრესიული მართვის სტილი გვაქვს და ძირითადი პრობლემაც ჩვენთან, სწორედ ესაა. რატომღაც გვგონია, რომ ადრენალინი ამ ფორმით უნდა დავხარჯოთ.

პირველი და წამყვანი, მანევრირების წესების დარღვევაა, ამის შემდეგ მოდის სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამი მძღოლი, ტელეფონზე საუბარი… ყველაზე დიდი ხიფათის შემცველი მათ შორის, მაინც სიჩქარის გადაჭარბებაა. მანევრირების წესების დარღვევის დროს, შეიძლება გადაკვეთო ზოლი და ჩაითვალოს კანონდარღვევად, მაგრამ იმ მომენტში არ უქმნიდე საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს. სიჩქარის გადაჭარბება კი ისეთი დარღვევაა, რომელიც პირდაპირ კლავს! აქეთ არის მიმართული ეს რეგულაციები, ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რომ საჭესთან ჯდომა უდიდესი პასუხისმგელობაა, ერთი არასწორი ქმედება და საფრთხეს უქმნი არამხოლოდ საკუთარ თავს და შენს მგზავრებს, არამედ სხვა ადამიანებს“ – აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი “მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე განმარტებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს მოპედების აღრიცხვიანობა და დარეგისტრირდეს ის, როგორც  სატრანსპორტო საშუალება:

„დღეს არ არის აღრიცხული ამ სახის ტრანსპორტი და საავარიო სიტუაციებიც, მათი მიზეზით, ხშირად იქმნება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, დარეგისტრირდეს მოპედი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, იყოს აღრიცხული. გვეცოდინება რამდენია, გვეცოდინება ვინ მართავს და შესაბამისად, ეს სფერო დარეგულირდება. ეს არის სამინისტროს ინიციატივა, რასაც სრულიად ვეთანხმები.“- განმარტავს ლალიაშვილი “მთავართან”.

რაც შეეხება ტექინსპექტირების გავლას, რაც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ყველა სატრანპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა, ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ ამ კუთხით საზოგადოება მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და ყველაფერს საკუთარი სურვილით აკეთებდეს.

„შეგვიძლია ვთქვათ, ამ მცირე დროის განმავლობაში, რაც სავალდებული ტექინპექტირება დაიწყო, ყოველი მეორე მანქანა ხარვეზდება, რაც გარკვეული სიგნალია იმისა, რომ როგორი ავტოპარკიც გვაქვს, მდგომარეობაც შესაბამისია.

აღნიშნულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, აგვიხსნას ხელისუფლებამ და ვერ გვიხსნის, რატომ უნდა გადავიხადო მე, მაგალითად 60 ლარი ტექინსპექტირებაში და რატომ უნდა გავმართო ჩემი ავტომანქანა, რასაც ასევე, გარკვეული თანხები სჭირდება, როცა ლუკმა პურს ამ მანქანით ვშოულობ.

მიზეზი თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ არ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, გაზარდოს ადამიანთა ცნობიერება ამ მიმართულებით, პირდაპირი პასუხისმგებლობა აიღოს ამაზე.

ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი გაუმართავი მანქანით აყენებს სხვას ზიანს. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა მიღებული, რომ თუ გყავს დიდძრავიანი მანქანა, რომელიც მეტ გამონაბოლქვს უშვებს და უფრო აბინძურებს გარემოს, იხდი ორჯერ მეტს, ვიდრე მე, ვისაც მყავს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი. ეს არის პრინციპი, თუმცა ეს პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ არავის უთქვამს და მთავრობამ უნდა ილაპარაკოს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

არგუმენტი, რომ „ამით ვშოულობ პურის ფულს“, ძალიან მტკივნეული და გასაგებია, მაგრამ მე რა ვქვნა, როცა შენი მიზეზით ვიწამლები და ვკვდები?! მთავრობამ უნდა იზრუნოს თუნდაც იმაზე, რომ ასეთი ადამიანები სხვა უფრო ღირსეულ სფეროში დაასაქმოს, რითაც სარგებელს მოუტანენ საკუთარ თავსაც და სხვასაც და – არა საფრთხეს.“ –  აცხადებს ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები