ადამიანების მიერ დანთებული კოცონით ხანძრის გაჩენის შემთხვევები გახშირდა 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს დაწვისას, ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ცეცხლი დიდ ტერიტორიებზე ვრცელდება და მასშტაბურ სახეს იძენს, შედეგად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას.

მათივე ინფორმაციით, ასევე, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით იძახებენ სამაშველო ბრიგადებს, რის გამოც, საფრთხე ექმნება ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და მეტი სიფრთხილე, რათა არ დააზიანოთ ბუნება და არ შეუქმნათ საფრთხე ახლომდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების ქონებას“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები