აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე შიდა ქართლელ ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ნელი მეკოკიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა.

სოფელ კარბის მკვიდრს, ნელი მეკოკიშვილს სეტყვის შედეგად გაუნადგურდა მოსავლის 100 პროცენტი. სადაზღვეო კომპანია „ალფა“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 90 000 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70-პროცენტიანი თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 3 000 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 13 578 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 8 293 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 5 599 191 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12 919 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში 110 623 704 ლარია.

მსგავსი თემები