აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს – სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

“აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება”, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ალადაშვილმა განაცხადა.

ალადაშვილმა სოფელ საყავრესთან მომხდარ ხანძარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ლიკვიდაციაში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები არიან ჩართული, ამასთან, კერების დამუშავებაში 60-მდე მეტყევე მონაწილეობს.

მისივე თქმით, დილით არსებული მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა ხვალაც.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ ეტაპისთვის ხანძრის გავრცელების არეალი არის შეზღუდული, ვითარება ექვემდებარება კონტროლს. ინტენსიურად მუშაობენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, სათანადო რაოდენობის ცოცხალი ძალა. რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ძლიერი ქარის მიუხედავად, ამ ეტაპზე ხერხდება ლოკალიზების შენარჩუნება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვერტმფრენები ხილვადობის შეზღუდვის გამო ვეღარ შეძლებენ მუშაობას, ჩვენი მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალიკვიდაციო სამუშაოებს ლოკალიზებულ პერიმეტრზე. ზარალზე და დაზუსტებულ ფართობზე საუბარი მოხერხდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ. ამ ეტაპზე საუბარია 10 ჰექტარ ფართობზე, როგორც ტყეზე, ასევე მინდორზე“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა

მსგავსი თემები