აგვისტოს ომის 10  წლისთავზე 350 კილომეტრიანი „სასაზღვრო ზოლი“ მივიღეთ    

408 დაღუპული, 2300-მდე დაჭრილი, 26 000-მდე დევნილი, 100-ე მეტი დაკარგული სოფელი და 350 კილომეტრიანი „სასაზღვრო ზოლი“  – ასეთია რუსეთის აგრესიის მინიმალური შედეგი საქართველოსთვის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე.

რუსეთის  58-ე არმიის დაწყებული ქართული სოფლებისა და მოსახლეობის დაბომბვა  მავთულხლართებმა და ადამიანთა გატაცებებმა შეცვალა. ომის უმძიმესი შედეგები დღემდე გრძელდება.

2008 წელის რუსეთის  თავდასხმის შედეგად საქართველომ 408 ადამიანი დაკარგა. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე,  14 პოლიციელი და 224 სამოქალაქო პირი.  აგვისტოს ომის შედეგად დაიჭრა 2232 ადამიანი. ვინც გადარჩნენ, დღემდე  დევნილობაში ცხოვრობენ და მათი რაოდენობა  25 000-სს აჭარბებს. რუსეთის აგრესიის შედეგად, ოკუპანტების ხელში 103 სოფელი მოექცა. ტანკები და სხვა საბრძოლო იარაღები კი მავთულხლართებმა  და ყოველკვირეულ რეჟიმში ადამიანთა გატაცებებმა ჩაანაცვლა. დღემდე საქართველოს ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 3000-ზე მეტი მოქალაქე გაიტაცეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ე.წ. მავთულხლართების რეჟიმში. 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები“ – ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ბახტაძეს ეკუთვნის. მისი შეფასებით, დრო ყველაფერს ობიექტურად და სამართლიანად დაალაგებს.

„დაიღუპა 170 ქართველი ჯარისკაცი და 200-მდე ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ მივიღეთ დამატებით ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც იძულებული იყო, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და ფაქტობრივად – ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს ობიექტურად და სამართლიანად დაალაგებს. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ნამდვილი ევროპული ყაიდის, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი პოტენციალისა და ნიჭის რეალიზებას. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სწორედ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთად ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი ევროპული სახელმწიფო”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

მსგავსი თემები