ჩინეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც კორონავირუსის განზრახ გავრცელებას ამტკიცებდა

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებს, დააკავეს. შემთხვევა ჩინეთში, პეკინთან ახლოს მოხდა.

მამაკაცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას სახალხო დაწესებულებებში ცდილობდა.

როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული.

ამჟამად მამაკაცი დაკავებულია, მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება წაუყენეს. გამოძიება კი გრძელდება. ჩინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ პანიკის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 106 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 4000-ს აჭარბებს.

ვირუსი ჰონგ კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში და გერმანიაში დაფიქსირდა.

მსგავსი თემები