ხვალ, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

29 სექტემბერს, „თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

კრწანისის მოედანზე – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე; თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით; გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩები; მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით; ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ; ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ; უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით; ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

მსგავსი თემები